დიდი 10 | ბათუმი 19:33 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’, ვიცე-ჩემპიონ ბოლნისის ‘ყოჩების’ შემდეგ, დიდი 10-ის ახალ სეზონში ჩემპიონი ‘ბათუმიც’ დაამარცხა და ორი თამაშიდან 8 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

თამაში ბათუმში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ჩემპიონი სტუმრებს გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა. გუნდში რამდენიმე მორაგბის დებიუტი შედგა. მათ შორის იყო უკრაინელი მგეზავი ანტონ შაშერო, რომელმაც დიდ 10-ში გამოჩენა ორი გატანილი ლელოთი აღნიშნა თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი ხელდახელ ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. სტეფანწმინდელები შერკინებასა და მოლში დომინირებდნენ და ფრთებზე უპირატესობას ქმნიდნენ.

‘ყაზბეგი’ მე-4 წუთზე, პირველივე შეტევის შემდეგ დაწინაურდა. მათ ჯერ შერკინებაში მოიპოვეს ჯარიმა, მერე მოლი დაძრეს, ბურთის ხაზზე გასვლის შემდეგ კი ლაშა გედეხაურმა ორჯერ შეუტია მწვავედ, მეორე ჯერზე ლევან ქუშაშვილს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ოთარ ტალახაძემ გარდასახა. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მართალია ტალახაძეს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ 22-ე წუთზე უპირატესობა მაინც მათ სასარგებლოდ გაიზარდა.

სტეფანწმინდელებმა შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა კვლავ აუტში გადაიტანეს, დერეფნის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანეს, ბოლომდე ჩაათამაშეს, ნიკა გიგაური მბოჭავს დაუსხლტა და ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. ტალახაძე რთული პოზიციიდან ზუსტი იყო. ორიოდე წუთში შაშერომ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა, ძელებსშუამდე ირბინა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა.

30-ე წუთზე ‘ყაზბეგმა’ მოლით შეუტია და ის გიორგი შუკაკიძის ლელოთი დასრულდა. ტალახაძე კვლავ ზუსტი იყო, თუმცა ‘ბათუმმა’ ტაიმის მიწურულს სხვაობა კვლავ 7 ქულამდე დაიყვანა. მართალია მასპინძელთა მოლმა წინსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ხაზზე ბურთის ბოლომდე ჩათამაშების შემდეგ მარჯვენა ალამთან ლელო დურმიშხან ჯაბნიძემ გაიტანა. პასის ავტორმა შაშერომ რთული პოზიციიდან გარდასახა 14:21.

მეორე ტაიმი ‘ბათუმმა’ უკეთ დაიწყო. მასპინძლებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება. შაშეროს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ტაიმის შუაში სარაგბო უნარების ცოდნა კიდევ ერთხელ გამოავლინა. მან დაცვაში სივრცე შენიშნა, პასის ნაცვლად ხაზი სუფთად გაჭრა და დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გარდასახვა ძელმა აისხლიტა და ‘ყაზბეგმა’ 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ამის შემდეგ სტეფანწმინდელებმა შეძლეს მეტოქის 22-ში ფაზური შეტევის ორგანიზება, რომელიც ამჯერად შუკაკიძის დუბლით დასრულდა.

რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, მასპინძლებს შეხვედრის გადასარჩენად ერთი გარდასახული ლელო ჭირდებოდათ და შაშერომ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი, მაგრამ ის ბოლო მომენტში შეაჩერეს. ბათუმელთა შეტევა გაგრძელდა, თუმცა მეტოქის 22-ში ბურთი დაიკარგა და კონტრშეტევაზე გაგა ყენია გაიქცა. მცველებმა მოასწრეს დაბრუნება და მისი შეჩერება, თუმცა ორი პასის შემდეგ საბა ნიკოლაშვილს წინ ვეღარავინ აღუდგა და ტალახაძემ გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა.

‘ყაზბეგმა’ ბათუმში 33:19 იმარჯვა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ნიკა გიგაური გახდა.