დიდი 10 | ბათუმი 19:3 აკადემია

2021/2022 წლების დიდი 10-ის მე-16 ტურის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ თბილისის ‘აკადემიას’ უმასპინძლა, 3 ლელო გაუტანა და ბონუსით, 19:3 დაამარცხა.

მასპინძლებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება უკვე განაღდებული აქვთ, თუმცა მოგებათა სერიის შეწყვეტა არ ისურვეს და ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმეს.

მასპინძლებმა უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვეს. გუგა შენგელიამ ორი ლელო გაიტანა, მამუკა ნინიძემ ერთი გარდასახა და ‘ბათუმი’ 12:0 დაწინაურდა. სანდრო მარგიანმა ტაიმის ბოლოს ჯარიმით უპასუხა. მეორე ტაიმი უქულოდ წარიმართა და თითქოს თამაში ასეც სრულდებოდა, მაგრამ ზღვისპირელებმა უკანასკნელ წუთზე შეძლეს ბონუსის მომტანი ლელოს გატანა. თავი შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ბექა მამრიკიშვილმა გამოიჩინა, ნინიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:3.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მექულეთა დავაში მარგიანი 159 ქულით ლიდერობს, ხოლო ნინიძეს 156 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. საუკეთესო მელელოვეთა სიას 10 ლელოთი ანზორ სიჭინავა ლიდერობს. მართალია მას განვლილ შეხვედრაში ლელო არ გაუტანია, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

‘ბათუმი’ სატურნირო ცხრილს 72 ქულით ლიდერობს, ‘აკადემია’ კი 45 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა.