დიდი 10 | არმაზი 9:31 ლელო-სარასენსი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ მარნეულის ‘არმაზს’ „შევარდენზე“ 31:9 სძლია, ბონუსიც აიღო და დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

‘ლელო’ თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და საწყის 10 წუთში ბექა მამუკაშვილმა ორი ჯარიმიდან ერთი გაიტანა. ტაიმის შუაში სტუმრებმა მარცხენა ფრთაზე გაშალეს შეტევა და ალამთან ლელო ოთარ ლაშხმა გაიტანა, მამუკაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘არმაზმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და რეზი ჯინჭველაშვილმა მეტოქეს ორი ჯარიმით უპასუხა. შესვენების წინ თბილისელებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს, დაახლოებით 7-8 მეტრი დაფარეს და თენგიზ ზამთარაძემ სტუმართა მეორე ლელო გაიტანა, მამუკაშვილმა კი გარდასახა – 17:6.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ერთხელაც შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა ორიოდე წუთში ‘ლელომ’ ლუკა ხეხელაშვილის ლელოთი უპასუხა და დიტო კალანდაძეც გარდასახვიდან ზუსტი იყო. ‘არმაზმა’ დიდი მონდომებით შეუტია, ჯარიმები კარში აღარ დაარტყა, დემე თაფლაძის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა.

73-ე წუთზე ლევან პაპიძემ ცრუმოძრაობის შემდეგ 22-ში გაჭრა ხაზი და ლელომდე დაახლოებით 20 მეტრი ირბინა, მამუკაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:9 და ‘ლელო-სარასენსმა’ ბონუსიც აიღო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ ლაშხი გახდა.

ამ მოგების შემდეგ ‘ლელო-სარასენსმა’ ‘არმაზს’ გადაასწრო და 21 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, მარნეულელები კი 18 ქულით მეოთხეზე დაქვეითდნენ. შეგახსენებთ, ქვედა ექვსეულის ბოლო სამი გუნდი დიდ 10-ს ტოვებს, მესამეადგილოსანი კი პირველი ლიგის მეორე გუნდთან ორრაუნდიან ბრძოლას გამართავს.

მომდევნო ტურში ‘ლელო-სარასენსი’ ქუთაისის ‘არესს’ მასპინძლობს, რომელსაც 24 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ‘არმაზი’ კი რუსთავის ‘ხარებს’ ეთამაშება. ამის შემდეგ ‘ლელო’ და ‘არმაზი’ პირველი ტურის გადადებულ მატჩს გამართავენ და ბოლო ტურის წინ კალენდარი გასწორდება.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე