დიდი 10 | არესი 22:12 ლოკომოტივი

ქუთაისის ‘არესმა’ კაცნაკლული თბილისის ‘ლოკომოტივი’ დასკვნით 10 წუთში გატეხა, 22:12 დაამარცხა და ლიდერთა შორის პოზიციები გაიმყარა.

შეხვედრა ქარის ფონზე წარიმართა, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. ეს უწინარესად ბექა წიკლაურს ეხება, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციებიდან რამდენიმე წარმოუდგენელი ჯარიმა გააცუდა.

თამაში სტუმრების იერიშებით დაიწყო და 15 წუთში ოთხჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ორჯერ წიკლაურმა ააცილა ჯარიმა, ორი სალელოვე შეტევა კი დასკვნით ფაზებში ჩაიშალა. ტაიმის შუაში ‘არესმა’ შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და ფაქტობრივად პირველივე შეტევა ლელოდ აქცია. 22-ე წუთზე მოლმა რამდენიმე მეტრი მოიგო, იქიდან გამოსული ბურთი ამირან შვანგირაძემ მიიღო, გაგლეჯვაზე ითამაშა და გიორგი თევდორაძემ გარდასახა. 33-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი მოლი ააგორეს და ამჯერად ის ნოდარ სამხარაძის ლელოთი დასრულდა – 12:0.

შესვენებამდე სამი წუთით ადრე ‘ლოკომოტივმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოულოდნელი კომბინაცია გაითამაშა, ირაკლი ქვათაძეს ბურთი დაუბრუნდა და ბოჭვის მიუხედავად ალამთან პირველი საპასუხო ლელო გავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში 45 მეტრიდან ჯარიმა უკვე ‘არესს’ გაუცუდდა. ‘ლოკომოტივს’ სხვაობის 3 ქულით შემცირება მალევე შეეძლო, თუმცა კარის წინ 15 მეტრიდან ჯარიმა არ დაარტყა, მერე დერეფანში ბურთი დაკარგა და ერთ წუთში ბიძინა სამხარაძე წითელი ბარათით დაისაჯა. კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ 51-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ლელოდან 10 მეტრში ჯარიმის სწრაფად გათამაშებას ფორვარდების მიძალება და გაგა არაბულის ლელო მოყვა, წიკლაურმა კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის შუაში არაბულმა ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. მათ გაძლეს 10 წუთი, მაგრამ ფეხით თამაშის შედეგად ‘არესმა’ მეტოქის 5-მეტრიანში აუტი მოიპოვა, მოლი დააყენა და 74-ე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. წიკლაურს სწრაფად შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ კარის წინ 40 მეტრიდან დარტყმული ამჯერად ძელმა აისხლიტა. დარჩენილ დროში ‘ლოკომოტივი’ 12 კაცის ამარა დარჩა. ყვითელი ბარათი რამაზ ბენდელიანმა და არაბულმა მიიღეს, რომლისთვისაც ის მეორე იყო და წითლად იქცა.

რადგან დრო თითქმის აღარ რჩებოდა, თევდორაძემ ჯარიმა კარში დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 22:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ კაპიტანი ბადრი დანგაძე გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე