დიდი 10 | არესი 17:18 ყოჩები

დაძაბულ და დრამატულ მატჩში, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ქუთაისში ‘არესს’ 18:17 სძლია და 26 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა.

ტურის ცენტრალურ მატჩში მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. რადგან საწყის წუთებში ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, ლაშა მალაღურაძემ მე-19 წუთზე ანგარიში ჯარიმით გახსნა. მალევე მასპინძლებმა ყვითელი ბარათით ამირან შვანგირაძე დაკარგეს. რიცხობრივი უპირატესობით სტუმრებმა მალე ისარგებლეს – იოსებ გუშარაშვილის გარღვევის შემდეგ, მათი 75-მეტრიანი კონტრშეტევა ირაკლი გეგენავამ ფრთაზე დააგვირგვინა.

მთლიანობაში, ‘ყოჩები’ ხელდახელ უკეთ ბურთაობდნენ, რამდენჯერმე შექმნეს უპირატესობა, რითაც 34-ე წუთზე ნიკა ბიწაძემ ისარგებლა და მისი ლელო რთული პოზიციიდან ლაშა მალაღურაძემ გარდასახა. ტაიმის მიწურულს ‘არესმა’ მოლით შეძლო 7 ქულის გაქვითა. ლელო რეზო არჩვაძის, ხოლო გარდასახვა გიორგი თევდორაძის ანგარიშზეა – 7:15.

მეორე ტაიმი უკვე მასპინძლების შეტევებით დაიწყო და 46-ე წუთზე იოსებ გუშარაშვილმა ყვითელი მიიღო, 5 წუთში კი ზურაბ ოდიკაძემ ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. ამას ისიც დაერთო, რომ გიორგი ხოსიტაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და ‘ყოჩები’ რამდენიმე წუთით 13 კაცის ამარა დარჩა.

კაცნაკლულმა ბოლნისელებმა თავი დაიცვეს, მერე შეტევაში გადავიდნენ და ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ მალაღურაძეს მიზანმა უმტყუნა. ‘არესმა’ საპასუხოდ ჯარიმა კარში ორჯერ არ დაარტყა, თუმცა 77-ე წუთზე ეს გადაწყვეტილება მიიღო და თევდორაძემ მასპინძლები დააწინაურა. მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, უკვე ‘არესი’ დაჯარიმდა, ზურაბ ოდიკაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, თემურ სოხაძემ ჯარიმა გაიტანა და ‘ყოჩებს’ 18:17 მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე ‘არესს’ მოგების შანსი გაუჩნდა, მაგრამ თევდორაძის პირველი ჯარიმა ძელმა აისხლიტა, მეორე კი კარს აცდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ფოფხაძე გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე