დიდი 10 | ‘არესი’ ელიტაში დარჩა

დიდ 10-ში  ასვლა-დარჩენაზე ‘არესი’-არმიას’ საპასუხო შეხვედრა ქუთაისში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ქვეყნის ექს-ჩემპიონი ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. „არმიელებს“ თბილისში – 6:26 განცდილი მარცხის შემდეგ, საერთო წარმატების მისაღწევად ხელს სულ მცირე 21-ქულიანი სხვაობით მოგება აძლევდა.

სტუმრებს დასაკარგი არაფერი ქონდათ და თავიდან მასპინძლებზე ფსიქოლოგიურად უკეთ განეწყნენ, რაც პირველი ტაიმის შედეგშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ მეტოქეები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და ლელოთა უმრავლესობა მოლით იქნა გატანილი.

‘არმიას’ თავკაცობამ პირველი მატჩის შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა და გუნდის 2 მნიშვნელოვანი მოთამაშე, გამოცდილი ბახვა კობახიძე და მგეზავი ვიტო კირინი თამაშში პირველი ტაიმის შუაწელს ჩართო, რამაც სტუმართათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ხსენებული დუეტის მოედანზე შესვლიდან ორიოდე წუთში „არმიელთა“ მარბიელმა დათო ივანოვმა ლელოს დადება მოახერხა, რომლის გარდასახვა ბახვა კობახიძეს არ გაჭირვებია. მცირე ხანში ‘არესმა’ მძლავრი ბიძგით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თავი ჰუქერმა გიორგი ტორაძემ გამოიჩინა, გარდასხვა კი ზუსტად ფულბეკმა ბონდო აბაშიძემ შეასრულა. ‘არმია’ შეტევებს აგრძელებდა და ტაიმის ბოლო წუთზე ივანოვმა „დუბლი“ გაახერხა, გარდასხვა კობახიძეს ამჯერად გაუცუდდა და შესვენებაზე სტუმრები 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ-12:7.

‘არესმა’ გარდატეხის შეტანა მეორე ნახევრის შუაწელს მოახერხა. „არმიელებს“ დაღლა დაეტყოთ, რამაც მასპინძლები გვარიანად ახეირა. მარქაფადან ჩართული ჰუქერის ნოდარ სამხარაძის ლელო აბაშიძემ გარდასახა და „ომის მრისხანე ღმერთი“  მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე პირველად დაწინაურდა-14:12. მატჩის ბოლო 5 წუთში კი ‘არესმა’ ჯერ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, შეცვლაზე შესული მარბიელის ნიკა სირაძის ლელომ და აბაშიძის მორიგმა ზუსტმა გარდასახვამ  სერგო ფრუიძის შეგირდთა დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა-28:12.

‘არესი’ მომავალ სეზონს კვლავ ქართული საკლუბო რაგბის ელიტას რიგებში გაატარებს.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა