დიდი 10 | აკადემია 29:34 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში „რაგბი პლატოზე“ თბილისის ‘აკადემიას’ 34:29 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

‘არესი’ 3 წელია დიდ 10-ში თამაშობს აქამდე თბილისში ერთი თამაშიც არ მოეგო. შანსი იმისა, რომ ეს ტრადიცია გაგრძელებულიყო დიდი იყო, მაგრამ ქუთაისელებმა შეძლეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და და ნავსი გატეხეს. სატურნირო თვალსაზრისით, ‘არესმა’ ამ გამარჯვებით 41 ქულა მოაგროვა, რითაც მე-6 ადგილზე აღზევდა და სანამ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ტურის დასკვნით თამაშს გამართავს, მას 1 ქულით გაუსწრო.

რაც შეეხება ‘აკადემიას’, ის 31 ქულით მე-9 პოზიციაზე რჩება და 4-ით ჩამორჩება ‘ხვამლს’, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასკვნით ტურში ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, გადათამაშების ზონიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა ექნება. ერთი კვირის თავზე „მხატვრები“ ‘ლოკომოტივს’ ეთამაშებიან, ხოლო ‘ხვამლი’ ქუთაისის ‘აიას’ მასპინძლობს.

განვლილ მატჩში მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი 40 წუთი სტუმრების იყო და მათ 14-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. ისინი უპირატესობას ფლობდნენ ძალისმიერ თამაშში და კარგად ისარგებლეს მეტოქის შეცდომებით. ‘აკადემია’ ტრადიციულად ხელდახელ უტევდა, შეხვედრის მიწურულს ძალისმიერი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ შეცდომების გამო მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა.

‘არესი’ პირველივე შეტევის შემდეგ დაწინაურდა – ფორვარდების მიძალებას შაქრო ლომსიანიძის ლელო მოყვა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახვიდან 5 წუთში ჯარიმაც გაიტანა. ‘არესი’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მე-12 წუთზე თევდორაძემ კიდევ ერთხელ სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა. ტაიმის შუაში სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გაქვითა, რის შემდეგაც ქუთაისელმა მორკინალებმა წნეხი გააძლიერეს, 22-ე წუთზე კარგი მოლი დააყენეს და გოგა კობახიძის ლელოს თევდორაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

‘აკადემიამ’ ჯარიმები კარში აღარ დაარტყა, 30-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევა წამოიწყო, ფაზები აკინძა და სანდრო მარგიანმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, მათიაშვილმა კი გარდასახა. ტაიმის ბოლოს ‘არესმა’ მესამე ლელო გაიტანა. ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, გიორგი თავაძემ ხელუკუღმა პასით გარღვევაზე არსენ მაჩალაძე შეიყვანა და მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ ტაიმი სტუმრებმა 24:10 მოიგეს.

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა და ‘აკადემია’ მთელი 40 წუთის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. 49-ე წუთზე ‘არესი’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა (ყვითელი ბარათი პაატა გალდავამ მიიღო) და ამ პერიოდში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს – 3 წუთში საბა დათიაშვილი სივრცეში მაღალ სისწრაფეში შევიდა და პასმაც არ დააყოვნა, 58-ეზე კი „მხატვრებმა“ კარგად გაშალეს ბურთი, მარცხენა ფრთაზე მიხეილ ახობაძე გაიქცა, კოტე ნახუცრიშვილმა ხაზი გაჭრა, ბურთი ირაკლი ხიდეშელს ამოუგდო და ახალგაზრდა მორაგბემ დიდ 10-ში სადებიუტო ლელო გაიტანა.

მათიაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა, თუმცა ლელოებს შორის ‘არესმა’ ჯარიმით 3 ქულა აიღო, მეორე ლელოს შემდეგ კი, თამაში განახლდა თუ არა, მაჩალაძემ 10-მეტრიან წყვეტილთან საჰაერო დუელი მოიგო, ბურთი ნიკა ძნელაძეს ამოუგდო, მანაც ფრთაზე მცველს სისწრაფეში შემოურბინა და ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახა. დასკვნით წუთებში ‘აკადემია’ სრულ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ ლელოშიც შევიდა, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დაინახა, სხვა შემთხვევაში ჯარიმიდან ბურთი აუტში არ გადავიდა, თუმცა გაწითლებულ დროზე კოტე ნახუცრიშვილმა მაინც შეძლო ლელოს გატანა და საკუთარ გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა, მარგიანმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 29:34.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ ბურჯი შაქრო ლომსიანიძე გახდა.