დიდი 10 | აკადემია 22:15 არესი

თბილისის ‘აკადემიამ’ ქუთაისის ‘არესს’ 22:15 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

„მხატვრებისთვის“ ეს მეოთხე გამარჯვება იყო და 22 ქულით მე-5 ადგილამდე აღზევდნენ. ‘არესმა’ სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, 20 ქულით მე-6 საფეხურამდე დაეშვა.

თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა მე-3 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. ამირან შვანგირაძემ გადაცემა მარჯვენა ფრთაზე ჩაჭრა და აუტის ხაზის გასწვრივ გაიქცა. საკუთარ 5-მეტრიანში ის ლუკა კობაურმა შებოჭა, თუმცა იერიშს ნოდარ სამხარაძე მიყვა და ოფლოუდის შემდეგ ლელო ძელებსშუა გაიტანა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახა. მე-8 წუთზე დერეფნის შემდეგ ლელოსკენ უკვე სამხარაძე გაიქცა. მან მეტოქეს ხელიდან გამოსტაცა ბურთი, დაახლოებით 35 მეტრი ირბინა და ლელომდე 2 მეტრი რჩებოდა, როდესაც შებოჭეს. მას თემურ თუთბერიძე მიყვა და ‘არესმა’ მეტოქის ორი შეცდომით დებიუტშივე 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

‘აკადემიამ’ მალევე შეძლო პასუხის გაცემა და წონასწორობის აღდგენა. მრავალფაზიანი, სწრაფი შეტევის შემდეგ, ლელო ვანო ბურდულმა გაიტანა და სანდრო მარგიანმა გარდასახა, მე-19 წუთზე კი ჯერ გიორგი ილურიძემ გაჭრა ხაზი, მერე ირაკლი ლუარსაბიშვილი დაუსხლტა მბოჭავს და ლელოში ბურთი საბა ილურიძეს შეაყოლა – 12:12. 22-ე წუთზე თევდორაძემ ჯარიმით სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა – 12:15.

თევდორაძეს პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ნახევარში, ორჯერ მიეცა ‘არესის’ უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციებიდან ჯარიმა ვერცერთხელ გაიტანა. მერე ‘აკადემია’ დაეუფლა ინიციატივას და ლელოში შესულმა ბურთი ვერ დაამიწა, რასაც 64-ე წუთზე მარგიანის ჯარიმა მოყვა და წონასწორობა აღდგა. 68-ე წუთზე თბილისელებმა მეტოქის 22-ში მოლით რამდენიმე მეტრი იარეს, შეტევა მოკლე ფრთაზე გაგრძელდა და საბა ილურიძემ მცველთან კონტაქტში ლელო გაიტანა, ხოლო მარგიანმა გარდასახა – 22:15.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი გიორგი ილურიძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე