დიდი 10 | აკადემია 10:15 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 15:10 სძლია და 7 ტურის შემდეგ, 23 ქულით ლიდერ ქუთაისის ‘არესს’ გაუტოლდა.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, რასაც ჯარიმა მოყვა და ოთარ ტალახაძემ ანგარიში გახსნა. შეცდომების მიუხედავად, ‘აკადემიამ’ მე-17 წუთზე მოახერხა შედეგიანი შეტევის ორგანიზება, ბურთი ხელდახელ კარგად გაითამაშა და დავით იმნაძის ლელო სანდრო მარგიანმა გარდასახა. ‘ყაზბეგს’ მალევე შეეძლო ჯარიმით სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ ლელოზე თამაში გადაწყვიტა, უქულოდ დარჩა და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 7:3.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ‘ყაზბეგმა’ 55-ე წუთზე გასატან პოზიციაში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. ტალახაძემ შეცდომა რამდენიმე წუთში გამოასწორა, კარის წინ ხაზი გაჭრა, ბურთი ძელებსშუა დაამიწა და გარდასახვა თავადვე შეასრულა.

64-ე წუთზე ‘აკადემიამ’ სინბინით მარგიანი დაკარგა, თუმცა 4 წუთში დავით მოძღვრიშვილის ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. თამაში თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ‘ყაზბეგმა’ შეძლო მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნა და ნიკა გიგაურმა ლელოთი სტუმრები დააწინაურა. საშუალო სირთულის გარდასახვა არაზუსტი იყო, გაწითლებულ დროზე სტეფანწმინდელები შეცდნენ, თუმცა ლელოს დაცვა მაინც მოახერხეს და 15:10 გაიმარჯვეს. ეს მათი მეხუთე მოგებაა მიმდინარე სეზონში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შუკაკიძე გახდა, ‘აკადემიამ’ მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა აიღო და ჯამში 8 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა. ის ‘ხვამლს’ უკვე 6 ქულით ჩამორჩება და მინიმუმ ერთი ტური გასავარდნ ზონას ვერ გასცდება.