დიდი 10 | აკადემია 10:11 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 11:10 სძლია და გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა.
შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და მან მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია. დებიუტში ‘ყოჩები’ უფრო აქტიურად უტევდნენ და თემურ სოხაძემ ორჯერ დაარტყა ჯარიმა კარში, მეორე ზუსტი იყო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 22-ე წუთზე მას კიდევ ერთხელ შეეძლო ჯარიმიდან 3 ქულის აღება, თუმცა გუნდმა ლელოზე თამაში ირჩია და უქულოდ დარჩა. დავით მოძღვრიშვილმა 27-ე წუთზე საპასუხო ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მერე ბოლნისელებმა სინბინით გურამ გოგიძე დაკარგეს და ‘აკადემიამ’ კაცნაკლულ მეტოქეს შეუტია, თუმცა ქულა ვერ აიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ყვითელი ბარათით სამი მორაგბე დასაჯა – გელა მახარაშვილი და გიორგი მიქანაძე ‘აკადემიიდან’, ხოლო ლადო მიმინოშვილი ‘ყოჩებიდან’. ბოლნისელებმა რიცხობრივი უპირატესობა მალე გამოიყენეს, 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ იერიშში თემურ ჭიჭინაძე ჩაერთო და ლელო გაიტანა, გარდასახვა კი მიზანს ასცდა. 65-ე წუთზე სოხაძეს კარის წინიდან ჯარიმაც გაუცუდდა, თუმცა 10 წუთში მისი დარტყმა ზუსტი იყო – 11:3.
დარჩენილ დროში ‘ყოჩებმა’ სინბინით ჯერ შალვა მამუკაშვილი და მერე გიორგი ხოსიტაშვილი დაკარგა. ‘აკადემიამ’ 13-კაციან მეტოქეს შეუტია, გაწითლებულ დროზე ვანო ბერიკაშვილმა ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახა და ‘აკადემიამ’ მცირედი მარცხისთვის ბონუსი ჩაიწერა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი