დიდი 10 | ‘აკადემია’ კვარცხლბეკზე – 16 წლის შემდეგ!

თბილისის ‘აკადემიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „რაგბი პლატოზე“ 24:17 სძლია და 16-წლიანი შესვენების შემდეგ, პირველად შეძლო მედლების მოპოვება.

„მხატვრებს“ 21-ე საუკუნის დასაწყისში 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აქვთ მოპოვებული, ახლა კი მეორე ბრინჯაო დაისაკუთრეს. ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, მათ შეძლეს მობილიზება და სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახეს.

შეხვედრა ‘აკადემიას’ იერიშებით დაიწყო და მე-15 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ფორვარდების მიძალება რამაზ მაზმიშვილის ლელოთი დასრულდა, რაც ვიდეო-რეფერიმ დაადასტურა და დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა. ‘ყოჩებმა’ 5 წუთში უპასუხა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ლევან გენებაშვილის ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა.

გავიდა 4 წუთი და უკვე ‘აკადემიამ’ დაძრა მოლი. ‘ყოჩებმა’ ხაზზე გასული შეტევა თითქოს შეაჩერა, მაგრამ მიხეილ ახობაძე სიტუაციაში ყველაზე სწრაფად გაერკვა, მთელ დაცვას შემოურბინა და ლელო გაიტანა. შესვენებამდე ‘ყოჩები’ უტევდა და რადგან ლელო ვერ გაიტანა, მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო შესვენებიდან 7 წუთის შემდეგ, ‘ყოჩებმა’ მეტოქეს ორჯერ სუფთად გაუჭრა ხაზი და გიორგი ნოდიამ ლელო, ხოლო მალაღურაძემ გარდასახვა გაიტანა – 12:17.

ამის შემდეგ ბოლნისელებმა ქულაც ვერ აიღეს და დარჩენილი დრო ‘აკადემიასი’ იყო. მათ ტაიმის შუაში დერეფნიდან შეუტიეს, რასაც მოკლე დარტყმების სერია მოყვა და ‘ყოჩების’ დაცვა კარის წინ გატყდა. ლელო ვანო ბერიკაშვილმა გაიტანა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახვით „მხატვრები“ დააწინაურა. 68-ე წუთზე თბილისელებმა 5-მეტრიანი შერკინება დაძრეს და თორნიკე ზოიძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, რამაც ‘ყოჩებს’ მატჩის გადარჩენის იმედი დაუტოვა, თუმცა ‘აკადემიამ’ შეძლო თავის დაცვა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

მე-3 ადგილისთვის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიხეილ ახობაძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე