დიდი 10 | აია 33:13 არმაზი

ქუთაისის ‘აიამ’ მე-6 ტურის გადადებულ მატჩში ‘არმაზს’ დაგეგმილი ბონუსით, 33:13 სძლია და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ანგარიში ‘არმაზმა’ მე-10 წუთზე ჯარიმით გახსნა. ‘აიამ’ კიდევ უფრო უმატა ტემპს, ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვა და პირველი ლელო 30-ე წუთზე გაიტანა. მარნეულელთა უკანახაზელმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა, ის თემურ კოხოძემ აიტაცა და ლელოში გადადო.

რეზი ჯინჭველაშვილმა სტუმრები ჯარიმით კვლავ დააწინაურა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ‘აიამ’ შერკინებიდან გაშალა ბურთი და გიორგი აბრამიძის ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა – 12:6.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა შალიკაშვილი მოლს მოწყდა და ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა ვერა, მაგრამ 49-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, რაზეც 54-ე წუთზე ‘არმაზმა’ გარდასახული ლელოთი უპასუხა. ლევან ბრაგვაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა.

‘აიამ’ ტემპს კვლავ მოუმატა და დასკვნითი 15 წუთი ბაბუნაშვილის ბენეფისად იქცა. მან ოთხივე ხერხით შეძლო ქულების აღება – ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე არეკნი 40 მეტრიდან, ბოლოს კი საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევას მიყვა და ბონუს-ქულის მომტანი ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 33:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აიას’ ბურჯი პეტრე ჯინჭარაძე დასახელდა.

 

ფოტო: არჩილ გეგენავა