დიდი 10 | აია 14:20 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისში ‘აიას’ სამი ლელო გაუტანა და 20:14 დაამარცხა.

სტუმრებისთვის ეს მეოთხე მატჩში მესამე გამარჯვებაა და 14 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო და 6 ქულით მე-7 ადგილზეა.

‘ხარების’ გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის კვაჭ ლევან ჭავჭავაძეს, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანა და საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

‘აია’ ბონდო აბაშიძის ჯარიმით დებიუტშივე დაწინაურდა. კარგი თამაში გაჩაღდა და მე-15 წუთზე აბაშიძემ მეორე ჯარიმაც გაიტანა, ტაიმის შუაში სტუმრებმა მეტოქის 22-ში კარგად გაშალეს ბურთი, მასპინძლები ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და საბოლოოდ შოთა არეშიძე სინბინით დაკარგეს. ‘ხარებმა’ იქვე მოლით შეუტია, მას ფორვარდების სამი დარტყმა მოყვა და ლევან ჭავჭავაძემ პირველი ლელო გაიტანა.

ჭავჭავაძეს დუბლის შესასრულებლად 4 წუთიც არ დაჭირდა. რუსთაველებმა ხელდახელ შეტევით დაახლოებით 25 მეტრი დაფარეს, ბურთი ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ ჩაათამაშეს და იერიში ალამთან ჭავჭავაძის ლელოთი დასრულდა. გიორგი პეტრიაშვილმა მხოლოდ ერთი გარდასახა. შესვენებამდე აბაშიძემ და პეტრიაშვილმა თითო ჯარიმა გაიტანეს და ‘ხარები’ 15:9 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეცდომებით დაიწყო, რითაც 45-ე წუთზე ‘ხარებმა’ იხეირა და 5-მეტრიანი მოლი ჭავჭავაძის ლელოთი დასრულდა. ‘აიამ’ ტაიმის შუაში უპასუხა. მის მოლს ჯერ 10 წუთით ნიკა ბერძული შეეწირა, მერე ლაშა შალიკაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 6 ქულა დარჩა. სათამაშო კიდევ 20 წუთი იყო და ‘აიამ’ ჯარიმით სხვაობის კიდევ უფრო შემცირებას ლელოზე თამაში არჩია. ‘ხარებმა’ შეძლო მასპინძლების მიძალებების მოგერიება და სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 20:14.