დიდი 10 | აია 12:21 ლელო

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ 2022 წლის დიდი 10-ის ბოლო მატჩში ‘აიას’ ქუთაისში 21:12 სძლია და წელიწადი გამარჯვებით დაასრულა.

დიდ დიღმელებისთვის ეს მიჯრით მე-5 გამარჯვვება იყო. ‘ლელოს’ 11 თამაშიდან 8 მოგება მოუგროვდა, ჯამში 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ‘აიამ’ ზედიზედ მესამე თამაში დათმო და 27 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

„აია არენაზე“ შეხვედრა ქარის ფონზე გაიმართა. სტუმრები გიორგი ჩიქოვანის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა მეტოქის ფაზური შეტევები მოიგერიეს. თბილისელები უპირატესობის მიღებას ძალისმიერ სტილში ცდილობდნენ და 28-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს – ნიკა ბაბუნაშვილმა 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი დაასრულა, ირაკლი ყიასაშვილმა კი გარდასახა – 7:0.

მეორე ტაიმში მოლი უკვე ‘აიამ’ ააგორა, ‘ლელომ’ მისი შეჩერება მოახერხა, თუმცა საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და მეორე დარტყმას გიორგი ქიმუცაძის ლელო მოყვა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მაგრამ გავიდა სულ რაღაც 5 წუთი, ‘ლელომ’ ბურთი ხაზზე ბოლომდე ჩაათამაშა, გაგა ქევხიშვილი მბოჭავს გაექცა და ლამაზი ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა.

72-ე წუთზე ‘აია’ მოლის ზედიზედ ორჯერ განზრახ ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და გიორგი ქიმუცაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. კაცნაკლულმა მასპინძლებმა 75-ე წუთზე თავად ააგორეს მოლი და პეტრე ჯინჭარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ანგარიში აღარც დარჩენილ დროში შეცვლილა და სტუმრებმა თამაში კომფორტული სხვაობით მოიგეს – 21:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ბაბუნაშვილი გახდა.