გოჩა სვანიძე: „7-კაცას განვითარების კუთხით სწორ გზას ვადგავართ“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მიიჩნევს, რომ 7-კაცა ნაკრები უნდა იყოს კონკრეტულად მოშვიდკაცე მორაგბეებით დაკომპლექტებული და შედეგი აუცილებლად იქნება.

ამის შესახებ მან ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქ-ჩართვისას ისაუბრა:

„შედეგებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი წლის წინ ბიჭებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს სამხრეთ აფრიკასა და კენიაში გამართულ კერძო ტურნირებში. მათ იქ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს“.

„მინდა განვმარტო, რომ 7-კაცა ნაკრები დაკომპლექტებული იყო ეროვნული ნაკრების მორაგბეებით და თავისთავად, ხარისხიც იყო უკეთსი. მაგრამ 15-კაცა ნაკრებს აქვს თავისი მიზნები და შესაბამისად, 7-კაცა რჩებოდა სტაბილური შემადგენლობის გარეშე. ამის შედეგი იყო არასტაბილური შედეგებიც – შეიძლებოდა დაგვემარცხებინა ინგლისი და ერთი კვირის შემდეგ წაგვეგო პოლონეთთან“.

„ეს არის ორი განსხვავებული თამაში და გუნდებს უნდა ყავდეთ განსხვავებული შემადგენლობა, შესაბამისი მომზადებით და სპეციალურად 7-კაცასთვის დაკონტრაქტებული მოთამაშეებით. ამ მიზნით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. შესაძლოა, თავიდან გვქონდეს შედარებით დაბალი ხარისხი, მაგრამ ეს აუცილებლად მოიტანს იმ შედეგს, რასაც გულშემატკივარი ელოდება და რაც არ არის შორეული პერსპექტივა“.