გოჩა სვანიძე: „20-წლამდელთა მომზადებაზე თანხებს არასდროს დავზოგავთ“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, რომ ახალგაზრდული ნაკრებებისთვის მაღალი დონის თამაშების ორგანიზებაზე, თანხებს არასდროს დაზოგავს.

ამის შესახებ მან ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქ-ჩართვისას განაცხადა:

„20-წლამდელთა ნაკრებში ყველა თავის საქმეს აკეთებს და იმიტომაა წარმატებული. ჩვენ მათ ვეხმარებით მაღალი დონის თამაშებისა და ტურნირების ორგანიზებაში. თუ არის შანსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყნის კლუბი ან ნაკრები, უკან არასდროს ვიხევთ. ეს იწვევს დამატებით ხარჯს, რაც დეფიციტს წარმოქმნის, თუმცა ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება. მიუხედავად იმისა, გათალისწინებული გვაქვს თუ არა ხარჯი ბიუჯეტში, როდესაც საქმე ახალგაზრდულ ნაკრებებს ეხება გამოწვევაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ბიჭებს უნდა მიეცეთ მეტი თამაშის შესაძლებლობა და აქ ფინანსები მეორეხარისხოვანია“.

მისი თქმით, მსოფლიო რაგბს სურს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს:

„ტიერ2-ის ქვეყნის ნაკრებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ 5-ჯერ არასდროს უთამაშია. მეტსაც გეტყვით, საქართველო არცერთ ტურნირზე არ ყოფილა მაჩანჩალა. მსოფლიო რაგბი გვთავაზობს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ჩემპიონატს, როგორც ეს 2017 წელს იყო“.