გიორგი ცუცქირიძე – ორი წლით ‘სტად ფრანსეში’

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ტოპ 14-ის პარიზულ კლუბ ‘სტად ფრანსესთან’ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის მორაგბის ხელში ჩაგდებას პარიზელები ორი წელია ცდილობენ, თუმცა ჯერ პანდემიამ და მერე ტრავმამ, ტრანსფერი შეაფერხა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი იმდენად დიდი იყო, ქართველს გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაუკავშირდნენ და ის ახალ სეზონს „სტად ჟან-ბუაზე“ დაიწყებს.

„პარიზელებთან დიდი ხანია კონტაქტი მაქვს. მათი შერკინების მწვრთნელი პირველად 2020 წელს დამიკავშირდა, თუმცა მერე კოვიდ-პანდემია დაიწყო და ტრანსფერი არ შედგა. მერე ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე და მუხლთან ერთად მხრის ოპერაციაც გავიკეთე. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ახალ კონტრაქტს არავინ შემომთავაზებდა. წელს ‘ორიაკში’ კარგი სეზონი მქონდა. როგორც ჩანს. ‘სტად ფრანსე’ მაკვირდებოდა, კიდევ ერთხელ დამიკავშირდა კონტრაქტიც გავაფორმე“ – ამბობს გიორგი ცუცქირიძე, რომელსაც ახალ გუნდში დიდი ხნის ნაცნობებიც დახვდებიან:

„სტად ფრანსე ისტორიული, 1883 წელს დაარსებული კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია მასთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო და პირველსავე სეზონში რაც შეიძლება ბევრი თამაში ჩავატარო. კლუბში ინტეგრაცია არ უნდა გამიჭირდეს, რადგან იქ ორი ქართველი – ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე დამხვდებიან. გარდა ამისა, გუნდში ორი ფრანგი მოთამაშეა, რომლებთან ერთადაც ‘ორიაკში’ ვთამაშობდი და თავს უცხოდ ნამდვილად არ ვიგრძნობ“.

გიორგი ცუცქირიძე საფრანგეთში 2015 წელს გადავიდა და პირველი ორი სეზონი ‘ბრივში’ გაატარა, 2017 წლიდან კი ‘ორიაკს’ შეუერთდა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

„ორიაკში ყველა თბილად დამემშვიდობა. კლუბის პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა წარმატებები მისურვეს და გულთბილი გაცილება მომიწყეს. აქ დიდი დრო გავატარე და გული მწყდება აქაური გარემოს დატოვება რომ მიწევს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და განვითარებისთვის, ახალი გამოწვევებისთვის, სჯობს კარიერა ტოპ 14-ში, ‘სტად ფრანსეში’ გავაგრძელო“.

ცუცქირიძეს სანაკრებო დებიუტი 2017 წელს, ბელგიასთან შედგა და ის 245-ე ბორჯღალოსანი გახდა. მის ანგარიშზე 24 კეპი და 3 გატანილი ლელოა.