გიორგი (გოგი) ტონიას სამძიმარი

ქართული რაგბი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული რაგბის აღორძინების ერთ-ერთი მესაძირკვლე, სპორტის ოსტატი ბატონი გიორგი (გოგი) ტონია.

გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, გოგი ტონია, მის განუყრელ მეგობარ, აწ გარდაცვლილ ნოდარ ყიფიანთან ერთად, საოცარი ენთუზიაზმით იწყებდა იმ საქმეს რომელსაც დღეს მნიშვნელოვანი რეზონანსი აქვს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მსოფლიო რაგბის სამყაროში.

ნოდარ ყიფიანი და გოგი ტონია იყვნენ მათივე დაფუძნებული თბილისის ‘ლოკომოტივის’ მოთამაშეები და მოთამაშე-მწვრთნელები. გუნდისა, რომელიც საქართველოდან პირველი გახდა საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და თასის მფლობელი.

გოგი ტონია, როგორც ჩინებული პიროვნება დააკლდა არა მარტო ქართულ სპორტს, არამედ შემოქმედებით ინტელიგენციას – ჩვენს საზოგადოებას. პროფესიით არქიტექტორის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, სპორტის ოსტატ გოგი ტონიას დაპროექტებულია ღირშესანიშნავი ნაგებობები, როგორც ჩვენში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი მეუღლესთან და სამ ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა არცერთი წუთით არ შეუწყვეტია კავშირი თბილისთან.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას განოთქვამს გოგი ტონიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.

 

პანაშვიდები: 24-25 თებერვალი

გამოსვენება: 26 თებერვალი. 14 საათი

მის.: მაყაშვილის 26