გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე – თითქმის ნახევარი საუკუნე ქართულ რაგბში

 

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს, გივი ჭიჭინაძეს, ქართულ რაგბთან თითქმის ნახევარი საუკუნე – 47 წელი აკავშირებს.

ის 1959 წლის 2 ივლისს დაიბადა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, ორი წლით უფროს მეგობრებთან, არჩილ ლაგოშვილთან და ძმებ გეგენავებთან (ლაშა და გუგა) ერთად, საქართველოს უძველეს კლუბში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (‘ყოჩების’ წინამორბედი) დაიწყო ვარჯიში. მისი პირველი მწვრთნელი გელა მიქაბერიძე იყო.

„1974 წელს, ჩემმა უფროსმა მეგობრებმა, რომლებიც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები გახდნენ, მე-9 კლასის მოსწავლე გუნდში მიმიყვანეს და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. გაგვიმართლა, რომ ჩვენი პირველი მწვრთნელი გელა მიქაბერიძე იყო, რომელმაც გვასწავლა რაგბი, ერთურთის სიყვარული, უამრავი კარგი თვისება და ის, თუ როგორ ვყოფილიყავით ბედნიერები და ბედნიერება მიგვენიჭებინა ჩვენი მეგობრებისთვის“ – იხსენებს რაგბში გატარებულ პირველ წლებს გივი ჭიჭინაძე, რომელიც სპი-სთან ერთად, სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და დაეუფლა ქვეყნის თასს.

სტუდენტური წლების დასრულების შემდეგ, 1981 წლიდან, უნივერსალმა პირველხაზელმა თამაში ‘შევარდენში’ გააგრძელა, რომელიც იმხანად საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. გივი ჭიჭინაძე გახდა სსრკ-ს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ასევე რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული თუ პრიზიორი, 1984 წელს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ კი, აქტიურ სპორტს იძულებით ჩამოშორდა, თუმცა რაგბის სამყაროსთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია.

პარალელურად, გივი ჭიჭინაძე უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მუშაობდა სპეციალობით, ინჟინერ-მექანიკოსად, საიდანაც 1996 წელს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში გადაინაცვლა ჯერ სადახლოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი იყო.

1992 წლიდან ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტია. 1997 წელს ის ღირსების ორდენის კავალერი გახდა, ხოლო 1998 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.~

2012 წელს გივი ჭიჭინაძე პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო და პარქტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური სამსახურის უფროსი, ასევე აღმასრულებელი მდივანი გახდა. 2014-2015 წლებში იყო თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი, ხოლო 2015-2018 წლებში იმერეთის მხარის გუბერნატორი. 2018-2020 წლებში ის იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ვანის და ხონის მაჟორიტარი), ხოლო 2020 წლიდან არის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის, ვანის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი).

2021 წლის 29 მარტს გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე, გივი ჭიჭინაძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს:

„ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ, იმ პრობლემების, რომლებიც რაგბის კავშირში მრავლად დაგროვდა. ვმუშაობთ წესდების, ასევე საარჩევნო სისტემის დახვეწაზე. ძალიან ბევრი საკითხია გადასწყვეტი, დაწყებული ბავშვთა რაგბიდან, დამთავრებული ეროვნული ნაკრებით. ვეცდებით ეს პრობლემები უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, რათა გაუმჯობესდეს მოთამაშეთა მოსამზადებელი და მატერიალური პირობები. უნდა მიეხედოს ბავშვთა რაგბს და ადგილობრივ ჩემპიონატს ყველა დონეზე, რადგან მის გარეშე ჩვენს ნაკრებს მომავალი არ ექნება. ასევე განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს ფრანჩაიზთან მიმართებაში. ყველა მიმართულებით გულისხმიერი მუშაობა გვმართებს, რათა გაგრძელდეს ქართული რაგბის წინსვლა და განვითარება“.