ბავშვთა დაცვის დღეს 13-წლამდელთა ფესტივალი „რაგბი ყველასათვის“

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და რაგბის კავშირის მხარდაჭერით, „ავჭალაზე“ 13-წლამდე მორაგბეთა ფესტივალი გაიმართა.

მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა – აკადემია, წიქარა, მამონტები, ავჭალა, რაშები, ხულიგანა, არმია და იუნკერები.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ პატარებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა უმთავრესი პრიორიტეტია. ის ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან საფესტივალო რაგბში ჩართულ პატარებს და მოზარდებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ:

„ვულოცავ მსოფლიოს პატარებს დღევანდელ დღეს და კარგი იქნება, თუ მათზე არა მხოლოდ 1 ივნისს, არამედ მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ვიზრუნებთ. რაგბის კავშირისთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვების სპორტში ჩართვა და მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ახსნა და შემდეგ უკვე, მათი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად რაგბში ჩართვა. ამ მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს. ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვეცნობით სარაგბო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში საზოგადოების წინაშე წარვსდგებით კონკრეტული სამოქმედო გეგმით“.

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვუზრუნველყავით სარაგბო ფესტივალების ხარისხის ზრდა. აქცენტირება მოხდა ფორმატზე, უსაფრთხოების ნორმების სტანდარტის ამაღლებაზე, ხოლო სექტემბრიდან სრულიად ახალ ფორმატს ვპირდებით ბავშვებს და მათ მშობლებს“.