ახალი სარაგბო კერა ქანდაში

ვეტერანი ბორჯღალოსნების, მერაბ კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის ინიციატივით, რაგბის კლუბ ‘ყაზბეგის’ მორაგბეები მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანებას იწყებენ.

გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ, ასევე მისმა თანაგუნდელმა ზურაბ კორკელიამ პირველი ნაბიჯი სოფელ ქანდაში და მის შემოგარენში გადადგეს, სადაც უკვე მოინახულეს რამდენიმე სკოლა და მოსწავლეები ტურნირზე მიიწვიეს.

მაისურაძეს ადგილობრივი ბიზნესმენი ნუგზარ წიკლაური დაეხმარა, რომელმაც ქანდაში არსებული სარაგბო მოედანი გადასცა. იქ 11 აპრილს, 11 საათზე 13-წლამდე მორაგბეთა ტურნირი დაიწყება, რომლის მიზანია, რომ ადგილობრივებში რაგბის პოპულარიზაცია მოხდეს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ რაგბის კლუბები: ‘ყაზბეგი’, ‘ავჭალა’, ‘წიქარა’, ‘ლელო’, ‘ძმები’, ‘რაშები’, ‘მამონტები’ და ‘აკადემია’.

უშუალოდ ქანდის გუნდი, რომელსაც ‘მუხა’ ეწოდება ვარჯიშებს 19 აპრილს დაიწყებს. გუნდში 6-იდან 14-წლამდე მორაგბეების მიღება უკვე დაწყებულია.