სუპერ თასი | მოუთმენლობით ‘ლოკომოტივთან’

‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 19:16.

‘ლოკომოტივი-პენზას’ სასტარტო შემადგენლობაში ტარიელ დონაძემ, ილია სპანდერაშვილმა, რეზი ბროძელმა და ნიკა ცირეკიძემ ითამაშეს, გიორგი ჭყოიძე კი შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა.

„ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო. ‘შავი ლომი’ ცდილობდა, როგორც კი ბურთს მოიხელთებდა ხელდახელ შეეტია და პირველ ტაიმში ეს რამდენჯერმე კარგად გამოვიდა. აქტიურობდა ლაშა ხმალაძე, რომელიც ზურგს საიმედოდ ამაგრებდა, ფეხით გადაკიდების შემდეგ მუდამ პოულობდა შესატევ სივრცეს და თამაშს ამწვავებდა. ყველა ამ წამოწყებას თითქოს კარგი გარძელება უნდა ჰქონოდა, თუმცა საბოლოოდ შეტევის ტემპი, ან ბურთი იკარგებოდა…

ანგარიში სწორედ კაპიტნის ერთ-ერთ ასეთ გარღვევას მოყვა, რომელიც დემე თაფლაძემ გააგრძელა, ამას ჯარიმა და მოლი მოყვა, მერე ისევ ჯარიმა და გიორგი ბაბუნაშვილმა კარის წინიდან გაიტანა. სერგეი იანუშკინმა ჯარიმითვე მალე გვიპასუხა, მერე გვერდითმა მსაჯმა იოსებ გუშარაშვილზე წესების დარღვევა შენიშნა, მსაჯმა ბურთი ჩამოგვართვა და დამნაშავეს ყვითელი ბარათი აჩვენა. ამას ცენტრში დაჯარიმება მოყვა და სტუმრები 3 ქულით დაწინაურდნენ.

კაცნაკლულმა ‘შავმა ლომმა’ ჯარიმით წონასწორობის აღდგენაზე უარი თქვა, მე-19 წუთზე შეტევა ჯერ მარჯვნივ გაიშალა, მერე მარცხნივ და გრძელი პასის შემდეგ სანდრო თოდუამ მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ბაბუნაშვილმა ჯარიმით მორიგი 3 ქულა მოინაგრა. იანუშკინს საპასუხო შორეული დარტყმა გაუცუდდა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ ტაიმის ბოლოს მოლით შეგვიტია და ტარიელ დონაძემ წონასწორობა აღადგინა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 11:11.

მეორე ტაიმში ჩვენი მხრიდან შეცდომებმა და ტექნიკურმა წუნმა იმატა. მანამდე, დებიუტში, მოლის შემდეგ ლაშა ჯაიანმა შეუტია და ოფლოუდით ლელოში ბურთი თენგიზ პერანიძეს შეაყოლა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და 52-ე წუთზე სტუმრებმა ალამთან გატანილი ლელოთი წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგიანეს. რადგან 70-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, რევაზ ბროძელმა გასატანი ჯარიმით 3 ქულა აიღო და სტუმრები წინ გაიყვანა.

მასპინძლებმა დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს და მეტოქე ვიკტორ გრესევის სინბინის შემდეგ კაცნაკლული დარჩა. ‘შავი ლომი’ მეტოქის 22-ში იყო, მაგრამ ბურთი აუტში ვერ გადავიტანეთ, მერე მსაჯმა ლუკა ივანიშვილის ლელო წინპასის მიზეზით გააუქმა, ვერც ბოლო შეტევას მოყვა შედეგი და საბოლოოდ ‘შავი ლომი’ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა.

‘შავ ლომს’ 3 თამაშის შემდეგ 11 საცხრილო ქულა აქვს და ‘ენისეის’ გაუტოლდა, რომელსაც 11 დეკემბერს, 17 საათზე „ავჭალაზე“ უმასპინძლებს.

პრესკონფერენცია

‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რა თქმა უნდა შედეგით უკმაყოფილო იყო:

„რა თქმა უნდა შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. რამდენჯერმე გვქონდა მატჩის გარდატეხის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის მართვა იყო ცუდი, მოუთმენლად ვუტევდით და ეს ინდივიდუალურ შეცდომებში გადადიოდა. მოწინააღმდეგეს ქულების აღების ჩვენზე გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის რეალიზება მოახერხა“.

„ჩვენი გეგმა იყო, რომ თუ ორი-სამი ფაზის შემდეგ წინსვლა არ გვექნებოდა, მეტოქის ნახევარზე ფეხით გადავსულიყავით და იქ გვეთამაშა, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რამდენჯერმე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და მთლიანობაში, ყველა შემთხვევაში ვცდილობდით პირველი ხელიდან თამაშს, რაც ჩვენს გეგმაში არ იყო“.

„ეს არ იყო მეტოქის დაუფასებლობა, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ჩვენს თამაშზე იმიქმედა. მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების შეკრებაზე იყო, ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში და 4 კვირის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. მთელი რიგი მიზეზების გამო გვაკლდნენ ლიდერები და მათ შემცვლელებს მეტოქის დაუფასებლობა არ ექნებოდათ, მით უმეტეს, რომ არც პენზაში გვქონდა იოლი შეხვედრა. მთლიანობაში, ‘შავი ლომის’ მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს მიეცეთ საერთაშორისო თამაშების ჩატარების შანსი და ჩავატაროთ ექსპერიმენტები. ახლა გვექნება ანალიზი, ვნახავთ სად დავუშვით შეცდომები და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის“.

შედეგით უკმაყოფილო იყო გუნდის კაპიტანი ლაშა ხმალაძე:

„ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდი დრო დავყავით და შეტევაში ბევრჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაცვის ხაზი ბევრჯერ გავარღვიეთ და ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. თავიდან შევძელით ინიციატივის დაუფლება, თუმცა მერე მოვდუნდით, თითქოს დინებას მივყევით და მოწინააღმდეგემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა“.

‘ლოკომოტივ-პენზას’ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ იანუშკინი გამარჯვებით გახარებული იყო:

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ქართველების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მით უმეტეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. საქართველოს ნაკრები განთქმულია ძლიერი მორკინალებით და ‘შავ ლომში’ ის ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც ახლოს არიან ნაკრებთან. ბოლო დროს უკანახაზელებთან კონტაქტიც კარგად გამოდის და ჩვენი ამოცანა მათი შეჩერება იყო. მეტოქის შეცდომებით კარგად ვისარგებლეთ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ“.

გამარჯვებით კმაყოფილი იყო გუნდის კაპიტანი სერგეი იანუშკინიც:

„ეს მოგება ჩვენთვის ძვირად ფასობს და ბედნიერები ვართ. როგორც პენზაში, ახლაც თანაბარი თამაში იყო, ინიციატივას ხან ჩვენ ვფლობდით, ხან მეტოქე. ვცდილობდით ის შეცდომები არ დაგვეშვა, რაც პირველ მატჩში დავუშვით და საბოლოოდ ამან გაამართლა“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი
აღმოსავლეთ კონფერენცია
V რაუნდი. 4 დეკემბერი
თბილისი. ავჭალა. 1000 მაყურებელი
შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივ-პენზა (რუსეთი) 16:19

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

2 ლელო: თოდუა, პერანიძე

2 ჯარიმა: გ.ბაბუნაშვილი

სინბინი: გუშარაშვილი

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე