U20 | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სტელენბოშში (სამხრეთ აფრიკა) მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

28 ივნისს, ჩვენი დროით 15 საათზე საქართველო მასპინძელს, სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში ურუგვაის 29:10, ხოლო მეორეში არგენტინას 33:26 მოუგო.

ურუგვაისთან 23 ივნისს გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. ხაზში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ფრთა შალვა აფციაური, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ ფულბეკი გიორგი ნავროზაშვილი და ცენტრი თენგიზ სკამკოჩაშვილი. ფულბეკის პოზიციიდან ფრთაზე გადაინაცვლა საბა არჩვაძემ, ხოლო ლაშა ცხოვრებაძე, ვაჟა მიქაძე და გიორგი კურტანიძე ძირითადში პირველად არიან.

შერკინების პირველ ხაზში ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა, გიორგი მამაიაშვილმა და ალექსანდრე ქუნთელიამ. სასტარტოში პირველადაა კვაჭი თამაზ ჯიმშელეიშვილი. ძირითადში მესამე თამაშს იწყებს გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ბურდული, რომელიც მეორე ხაზში ამჯერად გურამ ღანიაშვილს შეუწყვილდება. მესამე ხაზში დაბრუნდნენ ფლანკერი რატი ზაზაძე და პაატა გალდავა, ხოლო ლაშა ციხისთავი ამჯერადაც სასტარტოშია.

მიკრო-ტრავმების გამო მომავალ შეხვედრას ტოვებენ მეორეხაზელი დავით არველაძე, ფრთა ლუკა კვენეტაძე და შუამარბი თორნიკე კახოიძე.

„მიკრო ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა. ესეც რომ არა, ესაა ტურნირი, სადაც აქცენტი მომზადებაზე კეთდება და შეძლებისდაგვარად, ყველას ვაძლევთ თანაბარ სათამაშო დროს, რათა მათ გამოცდილება მიიღონ. ვაპირებთ, რომ სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე ვიბრძოლოთ. მეტოქე ფიზიკურად კარგადაა და ცდილობს მეტოქე ამ კომპონენტში დაჯაბნოს. ჩვენი მომზადებაც ამ კუთხით წარიმართა, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ, საქართველო 20-წლამდელთა სერიის დასკვნით შეხვედრას 3 ივლისს, ურუგვაის, ან არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

მესამე ტური. 28 ივნისი. 15 საათი (საქ. დრო)

საქართველო v სამხრეთ აფრიკა

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. საბა არჩვაძე (ლელო), 10. ვაჟა მიქაძე (ლელო), 9. გიორგი კურტანიძე (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. პაატა გალდავა (აია).

მარქაფა: 16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ირაკლი აფციაური (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), 20. ბექა გელხვიძე (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. კოტე იაშვილი (აკადემია).