U 15 | ‘ლელო’ საქართველოს ჩემპიონია!

შაბათ-კვირას „ხვამლი არენაზე“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა 15-წლამდე მორაგბეთა შორის 12-კაცა რაგბში.

დასავლეთ საქართველოდან თბილისში 5 გუნდი ჩამოვიდა – ქუთაისიდან ‘აია’ და ‘არესი’, აჭარიდან ‘ბათუმი’, სამეგრელოდან ‘ფოთი’ და ‘გურია’. შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოდან 11 გუნდი წარსდგა: 8 თბილისური – ‘ლელო’, ‘ხვამლი’, ‘აკადემია’, ‘ლოკომოტივი’, ‘ყოჩები’, ‘ხულიგანა’, ‘არმაზი’ და ‘წიქარა’, რომელიც ტურნირში იმის გამო მოხვდა, რომ იმერეთის რეგიონიდან მხოლოდ ორი ქუთაისური გუნდი ჩამოვიდა. ქვემო ქართლის კვოტით ისარგებლა რუსთავის ‘ხარებმა’, კახეთი ‘ჭადარის’, ‘ვეფხვების’ და ‘სართიჭალას’ ნაკრებით გამოვიდა, ხოლო შიდა ქართლიდან ‘გორმა’ ითამაშა.

‘წიქარა’ ტურნირის მოულოდნელობად იქცა, მეოთხედფინალში ‘აკადემია’, ხოლო ნახევარფინალში ‘ხვამლი’ დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ‘ლელოსთან’ ვეღარაფერს გახდა და ჩემპიონმა 35:0 გაიმარჯვა

„მადლობა ბიჭებს ასეთი მონდომებისთვის. მწვრთნელის რანგში პირველად ვარ საქართველოს ჩემპიონი და ეს ძალიან მაგარი გრძნობაა, რაც ვარჯიშებზე მობილიზების შედეგია. ყველა მათგანი ბოლომდე იხარჯებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა“ – განაცხადა საფინალო სასტვენის შემდეგ ‘ლელოს’ მწვრთნელმა ალექსანდრე ხეცოიძემ.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდს გადაეცა მონაწილის სიგელი, პირველ-მესამეადგილოსნებმა კი, შესაბამის სიგელებთან ერთად, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტებისგან თასებიც ჩაიბარეს. მათ ასევე დააჯილდოვეს ტურნირის საუკეთესო მელელოვე და საუკეთესო მოთამაშე – დემეტრე დურგლიშვილი (ლელო) და გიგა ყიფშიძე (ხვამლი).

იოსებ ტყემალაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „პირველ რიგში ვულოცავ ყველა მონაწილეს, რადგან ფესტივალში მთავარი მონაწილეობაა და შემდეგ გამარჯვებულ ‘ლელოს’. ჩვენი მიზანია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს თამაშების და ორგანიზების ხარისხი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ხარისხი ყველა ტურნირში აუცილებლად აიწევს. ყველა ფესტივალი ბავშვებისთვის უნდა იყოს ზეიმი და კარგია, რომ დღეს თამაშებს მაყურებელი არ აკლდა“.

„გუშინ ვიყავი ჭიათურაში, მანამდე ქუთაისში და საოცარი სანახაობები იყო. ბავშვთა რაგბი არის საყრდენი და ის აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. ამ მხრივ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამის რესურსი არის და ბავშვები უნდა გრძნობდნენ რომ მათზე ზრუნავენ“.

ბაჩო ხურციძე (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): „ასეთი დღეები რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს. ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ, როდესაც შაბათ-კვირას ამდენი ბავშვი იკრიბება და თამაშობს, ეს ბედნიერებაა. გამახსენდა ის პერიოდი, როდესაც მე ვთამაშობდი ფესტივალებს და საყურებლად მთელი ოჯახი დადიოდა. სწორედ ესაა სარაგბო ზეიმი. მეორეს მხრივ, სწორედ ბავშვთა რაგბის გაძლიერება იძლევა შედეგს ეროვნულ ნაკრებში. ვამბობდით და ვიმეორებთ, ბავშვთა რაგბია ქართული რაგბის ფუნდამენტი და მის გასაძლიერებლად მაქსიმუმს გავიღებთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაგბი საფუძვლიანად შევიდეს სკოლებში და ყველას ჰქონდეს მისი თამაშის შესაძლებლობა“.

თორნიკე გოგებაშვილი (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): „გუშინ და დღეს ქართული რაგბისთვის საზეიმო დღეები იყო. დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 15-წლამდე მორაგბეთა შორის და მის ყველა მონაწილეს ვულოცავ ტურნირში მონაწილეობას. ასევე ვულოცავ ‘ლელოს’ დამსახურებულ გამარჯვებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში, ამ ჩემპიონატში მონაწილე ბიჭები შეავსებენ ჩვენს სათაყვანებელ ნაკრებს და მინდა ყველა მათგან წარმატება ვუსურვო“.

„რაგბის კავშირის პრიორიტეტი სწორედ ბავშვთა რაგბის განვითარებაა, რადგან მიგვაჩნია, ფუნდამენტის სწორი განვითარებით მივიღებთ ისეთ გუნდს, როგორზეც ვოცნებობთ“.

ნიკა ალავიძე (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): „რაგბის კავშირში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრიორიტეტები ბავშვთა რაგბი და რეგიონებში რაგბის პოპულარიზაცია იქნება და ამ მხრივ ასეთ დღეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს 15-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური დღე იყო. თამაშების ხარისხით და ორგანიზებით კმაყოფილები ვართ, თუმცა ეს ის არ არის, საითაც მივდივართ. ძალიან ბევრი ხარვეზია, რომელთაც აუცილებლად დავხვეწავთ და მათი ნაწილი ამავე ასაკის 7-კაცა ჩემპიონატისთვის უკვე აღმოფხვრილი იქნება“.

„გაგრძელდება მუშაობა ბავშვთა რაგბის ხარისხის ამაღლებაზე. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ვგეგმავთ განცხადების გაკეთებას ამ მიმართულებით. გვიხარია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში თამაშებს ამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა და მადლობა მათ თანადგომისთვის“.