რაგბის დაბადება

რა იქნებოდა დღეს მილიონობით ადამიანის ცხოვრება, რომ არა ერთი პატარა ბრიტანელი ბიჭის სითამამე და მოხერხებულობა 200 წლის წინ?

არაფერი!

ლეგენდა გვიყვება – 1823 წელს, ინგლისის ქალაქ რაგბის სკოლა-ინტერნატში, საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას ერთ-ერთმა მოსწავლემ, უილიამ უებ ელისმა უპრეცედენტო მოხერხებულობა და სიმამაცე გამოავლინა, როდესაც ბურთი წინ კი არ მოიგერია, როგორც მიღებული იყო, ხელში აიტაცა და ისე გაიქცა მეტოქის კარისკენ. 

ასეთი რამ მანამდე არავის ენახა და თავიდან გაოცება, მერე კი საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ასე დაიბადა რაგბი, რომელიც სწრაფად გავრცელდა ჯერ ბრიტანეთის და მერე მსოფლიოს სკოლებში. 

მეცნიერები ამ ლეგენდას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ რაგბის წინაპრები უფრო ადრეულ პერიოდში უნდა ვეძიოთ. 

თუმცა კი, ერთი რამ ფაქტია – 1845 წელს, რაგბის პირველი წესები სწორედ ქალაქ რაგბის მოსწავლეებმა შეიმუშავეს. მანამდე ყველა სკოლას თავისი წესები ქონდა. რაგბის მოსწავლეებმა ფურცელზე ჩამოწერეს ის წესები, რაც რაგბის სხვა მსგავსი სპორტის სახეობებისგან განასხვავებდა. წესებს შორის იმთავითვე ჩაიწერა, რომ ბურთი უნდა იყოს ოვალური, ის უნდა ატარო ხელით, განისაზღვრა ქულების აღების პრინციპი, შერკინება და ა.შ. 

ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც რაგბი სპონტანური სასკოლო გართობიდან ოფიციალურ სპორტის სახეობად იქცა!