რაგბი ევროპა | აღდგენა და მზადება რუსეთისთვის

მადრიდში ესპანეთთან 25:19 მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამშობლოში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაბინავდნენ.

გუნდი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 მარტს საქართველოს დროით 15 საათზე) კალინინგრადში რუსეთთან გამართავს. შეგახსენებთ, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩენმპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

რადგან წინა და მომავალ მატჩს შორის სულ ექვსი დღეა, მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის თქმით, დროის დიდი ნაწილი აღდგენას დაეთმობა:

„მთელი დღე მგზავრობაში გავატარეთ, საქართველოში გვიან ღამით ჩამოვედით და მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით. საღამოს გვექნება კრება და განვლილი თამაშის გარჩევა, ასევე ერთსაათიანი ძალიან დაბალი ინტენსივობის ვარჯიში“.

„გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის პროვოცირებასაც მგზავრობაც ახდენს. ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ესპანეთიდან პირდაპირ კალინინგრადში ჩავსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა რეგულაციების გამო ასე არ გამოვიდა. რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ხვალინდელი დღე გვრჩება და ის ვერ იქნება მაღალი ინტენსივობის. ხუთშაბათს კვლავ მგზავრობა გვიწევს და კალინინგრადში გავემგზავრებით, პარასკევს კი კაპიტნის ვარჯიშია“.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რუსეთთან ვერ ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, ასევე მცირე ტრავმის გამო თითქმის გამოირიცხა დემე თაფლაძის, ბექა საღინაძისა და ნიკა აბულაძის თამაში. მათ ნაცვლად სანაკრებო შეკრებაზე გამოძახებული არიან ‘ლელო-სარასენსის’ 9 ნომერი გიორგი მარგალიტაძე და ფრანგული პრო დე2-ის ‘ანგულემის’ ბურჯი ლუკა გოგინავა. მარგალიტაძე ნაკრების გაფართოებულ რაზმში აქამდეც იყო რამდენჯერმე, 24 წლის გოგინავა კი ეროვნულის შეკრებაზე პირველადაა. ლუკა 2015 და 2016 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების (20-წლამდე) ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ჯერ ‘რასინგ 92’-ში გადავიდა, 2018/19 წლების სეზონი ‘ბრივში’ გაატარა, ბოლო ორი სეზონია კი ‘ანგულემის’ ძირითადი შემადგენლობის მორაგბედ (22 მატჩი და ერთი ლელო მიმდინარე სეზონში) ჩამოყალიბდა.

მაისაშვილის თქმით, არაა გამორიცხული რაზმს კალინინგრადში რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ლეგიონერები დაემატნონ:

„აღდგენა ნორმალურად მიდის. საკუთარ ბაზაზე ვართ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ. ვითვალისწინებთ საათობრივ სარტყელს და ვცდილობთ იქაურ რეჟიმს მოვერგოთ. სამწუხაროდ, მხარი დაიზიანა და რუსეთთან ვერ ითამაშებს დემე თაფლაძე. მისი ტრავმის სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი. ასევე დაგვაკლდება ვასილ ლობჟანიძე. 99%-იანი ალბათობით ვერ ითამაშებს ბექა საღინაძე. ლიმიტირებულია აბულაძე“.

„ამ ფონზე დავიმატეთ გიორგი მარგალიტაძე და ლუკა გოგინავა, რადგან ერთით მეტი ბურჯის ყოლა აუცილებელია. არაა გამორიცხული, რომ რეზერვის სახით გამოვიძახოთ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ორი მორაგბე, რათა ყოველგვარი მოულოდნელობებისგან დაზღვეული ვიყოთ“.

გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (2), გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), ლაშა ჯაიანი (9 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (2), მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);

ღერძი

გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (3 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო); თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (4 კეპი).