მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის სადისციპლინო პანელზე

მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი სათამაშო კვირის სადისციპლინო პანელზე წარმომადგენლობით შემადგენლობაში დაასახელეს.

ყოველ სათამაშო კვირაში, რაგბი ევროპა 3-3 კაციანი შემადგენლობით სადისციპლინო კომისიას ნიშნავს. კომისიის მოვალეობაა, რომ ინციდენტის შემთხვევაში (მაგალითად: მსაჯის მიერ რომელიმე მოთამაშის წითელი ბარათით გაძევება, ან საითინგ-კომისრის მიერ დაფიქსირებული წესების დარღვევა, რომელიც მსაჯებს გამორჩათ), განიხილოს მომხდარი და შესაბამისი სადისციპლინო სასჯელი გამოუტანოს დამნაშავეს.

მირიან თავზარაშვილი პირველი ქართველია, რომელიც სადისციპლინო კომისიაში, 2021 წელს გამოჩნდა. განვლილი ორი წლის განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული რაგბი ევროპის სადისციპლინო კომისიის მუშაობაში, ამჯერად კი წარმომადგენლობით ჯგუფში მოხვდა. მასთან ერთად კომისია დააკომპლექტეს ინგლისის რაგბის კავშირის სადისციპლინო პანელის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ინგლისელმა ენტონი დევისმა და რაგბი ევროპის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიდერლანდელმა მიკაელ ვან დიიკმა.

3-კაციან კომისიას, რომელსაც ენტონი დევისი უხელმძღვანელებს, პირველი კვირის 5 თამაში აქვს მიმაგრებული: რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები – პორტუგალია – ბელგია, რუმინეთი – პოლონეთი, ესპანეთი – ნიდერლანდები და საქართველო – გერმანია, ასევე ქალთა რაგბი ევროპის ალაფის მატჩი პორტუგალიასა და ფინეთს შორის.

„დისციპლინა რაგბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენ რეგულარულად გვიტარდება ტრეინინგები და სემინარები, რასაც თან ახლავს საერთაშორისო დანიშვნები და ამას ქართული რაგბისთვის დიდი ცოდნა და გამოცდილება მოაქვს. მსოფლიო რაგბის მოთხოვნაა, რომ ყველა ქვეყნის რაგბის კავშირი, სადისციპლინო საქმეების განხილვისას ზედმიწევნით იცავდეს პროტოკოლს, სავალდებულო რეგულაციებს. ეს მოთხოვნა, საქართველოსთვის, როგორც მაღალი მიღწევების კავშირისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უკვე მეორე სეზონია სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ შიდა ჩემპიონატებში“ – ამბობს თავზარაშვილი.