სამედიცინო ტრეინინგის მორიგი ეტაპი

23-24 მარტს დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ სამედიცინო ტრეინინგის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომლის მიზანი მაღალი დონის ქართველი ფიზიო-თერაპევტების მომზადებაა.

ტრადიციულად, მას ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ის ხელმძღვანელი დევიდ შერმანი უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის მეორე დონის ედუკატორიცაა, საქართველოში პირველად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, 2017 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში 10-ზე მეტი სემინარი გამართა.

სემინარს ასევე ატარებდნენ ნიდერლანდური კომპანიის -Fysio Holland-ის წარმომადგენლები ჰილკე ჰოფმანსი და მარტაინ სნუკი, რომლებიც საქართველოს შარშან და შარშანწინ რამდენჯერმე სტუმრობდნენ. მას 20-მდე სპეციალისტი ესწრებოდა – როგორც სანაკრებო ვერტიკალის, ასევე დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები. მსმენელებს შორის იყვნენ სხვა მსურველებიც

„ერთ მენტორზე დაახლოებით 6 მსმენელი მოდიოდა და ხარისხიანი ტრეინინგი გამოვიდა. ყველას ქონდა შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ჩართულიყო სწავლების პროცესში. უშუალოდ რაგბში ჩართული სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების გარდა, იყვნენ სხვა სფეროდან მოწვეული მსმენელებიც, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სპორტული ტრავმების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ცოდნა. ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება“ – ამბობს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე.

ტრეინინგის მორიგი ეტაპით კმაყოფილია დევიდ შერმანი:

„მსმენელებს ეტყობათ, რომ კარგად აითვისეს ყველა ის კომპონენტი, რაზეც აქცენტი წინა ჯერზე კეთდებოდა და ყოველი მომდევნო სემინარი უფრო მაღალი დონისაა. აქცენტი კეთდება ხარისხზე. ჩავდივართ თითოეული სახსრისა თუ სხვა სახის დაზიანების მკურნალობის დეტალებში, ეცნობიან საჭირო მეთოდებს. თეორიასთან ერთად გავდივართ პრაქტიკულ სწავლებასაც და სულ მალე საქართველოს რამდენიმე უმაღლესი დონის სპორტული ფიზიო-თერაპევტი ეყოლება“.

2023 წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ ორი სამედიცინო ტრეინინგი გაიმართება.