ლევან მაისაშვილი | ეს თამაში დაგვანახებს სად ვართ ჩვენ და სად არის პორტუგალია

19 მარტს ბორჯღალოსნები პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერკინებიან და თასის მე-15-ედ მოპოვებას ეცდებიან.

წელს პირველად, თასის მოსაპოვებლად ლევან მაისაშვილის შეგირდებს ფინალის მოგება მოუწევთ. ისე მოხდა, რომ ფინალში გამარჯვება საქართველოსთვის მე-100 იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (99 მოგება, 5 ფრე, 13 მარცხი); გარდა ამისა, ბორჯღალოსნები მიჯრით მე-6-ედ შემართავენ თასს, რაც 2011-2016 წლების რეკორდის გამეორება იქნება.

ჩვენი გუნდი გადამწყვეტი მატჩისთვის მოსამზადებლად პორტუგალიაში კვირას გამთენიისას გაემგზავრა:

„ესპანეთი საკმაოდ შორია და შუა კვირაში მგზავრობა პრობლემა იქნებოდა. გართულებების თავიდან ასარიდებლად ერთი კვირით ადრე პორტუგალიაში ჩავალთ, სადაც ესპანეთთან მატჩის წინაც მოვემზადეთ და ძალიან კარგი პირობებია. იქიდან ბადახოსამდე დაახლოებით 250 კილომეტრია და ესპანეთში თამაშამდე 2 დღით ადრე ჩავალთ“.

„რადგან გასულ კვირაში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში პაუზა იყო, ბიჭებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით. ‘შავი ლომის’ იმ მორაგბეებს, რომელთაც განვლილ აქტივობებში ნაკლები სათამაში დრო ქონდათ, დიდი 10-ში პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა მივეცით“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ფინალური მატჩის მნიშვნელობაზე კი ამბობს:

„ფინალი ერთი თამაშია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო თამაშია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ“.

ბორჯღალოსნებს პორტუგალიასთან აქამდე 24-ჯერ უთამაშია და მათგან 17-ში გამარჯვება იზეიმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მეტოქემ ჩვენთან წარმატებას ბოლოს 2005 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება და 3 ფრე) მოგვიგროვდა. მიუხედავად ამისა, მაისაშვილი „ლობუშს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს მეტოქედ მიიჩნევს:

„ტრადიციულად, პორტუგალიას სწრაფი, ინდივიდუალისტი ხაზის მოთამაშეები ყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ აუცილებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ის ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოვეთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო წლებში ის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილე გუნდებზე უდაოდ ძლიერია. ფინალი ესპანეთში, ბადახოსშია, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდთან და ფაქტობრივად პორტუგალია საკუთარ მოედანზე ითამაშებს, რაც ასევე გასათვალისწინებელი მომენტია“.

„თუმცა, ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში, ესპანეთთან მატჩზე, ქართველების ერთი ჯგუფი სხვადასხვა ქალაქებიდან 3 ავტობუსით ჩამოვიდა, იყვნენ სხვა ჯგუფებიც და ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. პორტუგალია რაგბი ევროპაზე ყველაზე ღირსეული და ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ მათთან თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ვეცდებით გულშემატკივრებს მათგან მიღებული ემოცია ჩვენი თამაშით ორმაგად დავუბრუნოთ“.

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.