რეგიონული  ლიგა | წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ პირველ ლიგაში აინაცვლა

წყალტუბოს ‘დინოზავრი’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ რეგიონული ლიგის ფინალს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენამ უმასპინძლა. იმერლებს სეზონში ყველა მატჩი დამაჯერებლად ქონდათ მოგებული და კოლხებთან სატიტულო შეხვედრაშიც მთავარ ფავორიტად ითვლებოდნენ.

რეგულარულ სეზონში წყალტუბოელებმა ფოთელებს ორივე შეხვედრა მოუგეს (24:7 და 26:0) და თან მეტოქეს აღნიშნულ დაპირისპირებაში მხოლოდ 1 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცეს. ამის მიუხედავად, ფინალური შეხვედრა უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა, რომლის მოსაგებად კოლხებს მცირედი დააკლდათ…

ფინალის თანმდევ, მეტოქეთა მღელვარებამ და ძლიერმა ქარმა შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად იმოქმედა. ორივე გუნდი უმეტესად აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა, რითაც მატჩის დებიუტში იმერლებმა იხეირეს. ‘დინოზავრის’ მეტოქის 5-მეტრიანთან მრავალჯერად მიძალებას ჯერ კოლხი ლევან ჩიქოვანის სინბინით, შემდეგ კი წყალტუბოელთა მხტომელ გიორგი ჭულუხაძის ლელოთი დასრულდა, რომლის გარდასახვა მგეზავ გიორგი ჭოლაძეს არ გაჭირვებია. კოლხებმა მეტოქის ნახევარზე პირველივე გადასვლისთანავე ჯარიმა გამოიმუშავეს, რომელიც ფოთელთა გამორჩეულმა მოთამაშემ, ფულბეკმა ლევან ბარკავამ გაიტანა.

26-ე წუთზე ‘დინოზავრი’ კაცნაკლული დარჩა. კისრის არეში უხეში ბოჭვის გამო, მატჩის მთავარმა არბიტრმა გიგა მშვენიერიძამ იმერელთა მხტომელი ნოდარ გაბადაძე „გააწითლა“. აღსანიშნავია, რომ მშვენიერაძემ შეხვედრა მაღალ დონეზე განსაჯა და დამსწრე სპეციალისტთა მოწონებაც დაიმსახურა. კოლხებმა პირველ ნახევარში მეტობაში ხეირი ვერ ჰპოვეს, მეტიც-წყალტუბოელთა მოლით მორიგ მძლავრ შეტევას ჭულუხაძის „დუბლი“ და ჭოლაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა ტაიმი – 14:3 მოიგეს.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში კოლხებმა მეტოქის შეცდომებით მაქსიმალურად იხეირეს. ჯერ ბარკავამ გაიტანა ჯარიმა, რასაც თემურ მიკოლაიჩუკის ლელო მოჰყვა. ჭოლაძის შეცდომით კოლხთა ფრთამ კარგად ისარგებლა, საკუთარი ნახევრიდან 60-მეტრიანი სპრინტი მოაწყო და ფავორიტს ლელო ძელებს შუა დაუდო. ბარკავამ იოლად გარდასახა და საკუთარი გუნდი ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 14:13.

მომდევნო შეტევაში ‘დინოზავრის’ მძლავრი მოლი კოლხებმა კარგად შეაჩერეს, თუმცა ხაზზე გამოტანილი ოვალი ლელოდ იმერელთა ფულბეკმა იაგო ხაბულიანმა აქცია. ჭოლაძეს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და ჩირგაძის ბიჭების უპირატესობამ 6 ქულა შეადგინა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ალექსანდრე ვაშაკიძის სინბინის შემდეგ ფავორიტი 13-კაცის ამარა დარჩა. კოლხებმა ესოდენ სოლიდური უპირატესობა კარგად გაშლილი ოვალითა და მიკოლაიჩუკის შესრულებული „დუბლით“ გამოიყენეს. ბარკავას ზუსტმა გარდასახვამ ‘კოლხი რაინდებს’ ანგარიშში პირველად დაწინაურების შესაძლებლობა მისცა – 19:20.

‘დინოზავრი’ არ შედრკა და 2-კაცა რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა მოახერხა. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე მორიგი მიძალებით, გადამწყვეტი ლელო წყალტუბოელთა ლიდერმა, კაპიტანმა და მოთამაშე-მწვრთნელმა ბადრი დანგაძემ გაიტანა. ‘დინოზავრმა’ დრამატული მატჩი-26:20 მოიგო და პირველ ლიგას 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მარცხის მიუხედავად, ‘კოლხი რაინდებმა’ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. სეზონის მეორე ნახევარში მერაბ მატკავას შეგირდებმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს და პირველ ლიგაში ასვლის მორიგი მცდელობა უკვე პლეი აუტში ექნებათ, სადაც კოლხებს 2-მატჩა დაპირისპირება პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან თეთრიწყაროს ‘იუნკერებთან’ მოუწევთ.

‘დინოზავრის’ წარმატებაში უდიდესი წვლილი მთავარ მწვრთნელ ზაზა ჩირგაძეს მიუძღვის. ‘აიასა’ და ‘დათვების’ ყოფილი მორაგბე, 49 წლის ზაზა ჩირგაძე ‘დინოზავრს’ 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტ რეჟიმში ნაყოფიერად დამრიგებლობს, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და საკუთარ ქომაგს მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას პირდება.

შეხვედრა დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიალით დასრულდა. ‘კოლხი რაინდებს’ ვერცხლის მედლები სრკ-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრე ხვედელიძემ გადასცა. გამარჯვებული იმერლები კი ოქროს მედლებით სრკ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ნიკა ალავიძემ დააჯილდოვა და მანვე მატჩის საუკეთესო მოთამაშის სპეციალური პრიზი წყალტუბოელთა ფულბეკ იაგო ხაბულიანს გადასცა. ‘დინოზავრის’ კაპიტანმა ბადრი დანგაძემ საჩემპიონო თასიც ნიკა ალავიძის ხელიდან ჩაიბარა.