დიდი10 | ბათუმი 43:10 არესი

დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის პირველი ეტაპის მეორე წრის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘არესს’ ბონუსით, 43:10 სძლია და მოწინავე სამეულს მიუახლოვდა.

ჩანაფიქრი ისეთი იყო, რომ მეორე წრის დასრულებამდე გუნდებს პირველი წრის გადადებული თამაშები უნდა მოელიათ, მაგრამ პანდემია დალაგებული გეგმებით მოქმედების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, ამ კვირაში მეექვსე ტურის თამაშები ჩატარდება, ერთი კვირის შემდეგ გადადებული შეხვედრებია და იანვარშიც ჩემპიონატი გადადებული თამაშებით განახლდება.

ბათუმში 2019 წლის ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დებიუტანტ ‘არესთან’ სრულფასოვანი რევანში აიღო. გუნდს აშკარად დაეტყო ბორჯღალოსნების დაბრუნება და ქუთაისელებმა მეტოქის შეჩერება უბრალოდ ვერ შეძლეს.

მასპინძლები გურამ ქანდაურაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, მამუკა ნინიძემ კი გარდასახვას ჯარიმა მიაყოლა. სტუმრებმა ტაიმის შუაში ბონდო აბაშიძის ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ მალევე ვაჟა თაგაურისგან წყვილი ლელო მიიღეს და მეორე დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა.

მეორე ტაიმის საწყის ნახევარ საათში საბა შუბითიძემ და ბექა ვარდანიძემ ლელოები გაცვალეს, დასკვნით 10 წუთში კი ისევ ‘ბათუმმა’ იმძლავრა და ხვიჩა ბუჯიაშვილმა და გიორგი მენაბდემ კიდევ ორი ლელო გაიტანეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის’ კვაჭი, დუბლის ავტორი ვაჟა თაგაური გახდა.

„ბ“ ჯგუფს ხუთი თამაშიდან 19 ქულით ‘აია’ ლიდერობს, ექვსი მატჩით და 12 ქულით ‘არესი’ ჯერჯერობით მეორეზეა, ბოლნისის ‘ყოჩებს’ და ‘ბათუმს’ 11-11 ქულა აქვთ, ოღონდ ბოლნისელებს ოთხი, ხოლო ზღვისპირელებს ხუთი თამაში აქვთ ჩატარებული. 4-4 თამაშიდან 6-6 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილზე არიან გორის ‘ჯიქი’ და მარნეულის ‘არმაზი’.

19 დეკემბერს, 14 საათზე, ‘ჯიქი’ ‘ყოჩებს’ გორში ეთამაშება, ხოლო ‘აიასა’ და ‘არმაზის’ შეხვედრა გადაიდო.