საქართველოს რაგბის კავშირის სადაზღვევო პარტნიორ “ბენეფიტსის” მსოფლიო აღიარება

გლობალ ბენქინგ ენდ ფაინენსმა მსოფლიოში სამედიცინო დაზღვევის საუკეთესო პროდუქტისთვის ჯილდო კომპანია ბენეფიტს მიანიჭა, რომელიც მეორე წელია ქართული რაგბის მზღვეველია. გლობალ ბენქინგ ენდ ფაინანსის წლიური რეიტინგები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და საბანკო-საფინანსო სფეროს სრულად მოიცავს, შესაბამისად ბენეფიტსისთვის ეს მითუფრო მნიშვნელოვანია, რომ კომპანია სულ 5 წელია რაც შეიქმნა და უკვე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. რაგბის კავშირი ულოცავს თავის სადაზღევო პარტნიორს, ბენეფიტს ასეთ მაღალ აღიარებას, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ მორაგბეების ჯანმრთელობა სანდო ხელშია.

ნინო კობახიძე, ბენეფიტსის გენერალური დირექტორი:

სამედიცინო დაზღვევის სერვისი, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი მოიხმარს სწორედ მსოფლიოში საუკეთესო ამ პროდუქტის ბაზაზეა შექმნილი, სრულიად ექსკლუზიური და სპეციფიურია და მთლიანად მორგებულია ქართული რაგბის საჭიროებებზე. არცერთ სხვა სპორტის სახეობას საქართველოში მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის დაზღვევა არ აქვს; სწორედ ამიტომ სპორტის არაერთი ქართული ფედერაცია ჩვენთან ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ მათზე მორგებული მსგავსი სერვის-პაკეტიც შევქმნათ; ჩვენ სრულად ვაფინანსებთ ჩვენი მორაგბეების ყველა სახის ტრამვის მკურნალობას, მათ შორის უცხოეთში, საერთაშორისო ტურნირებზე მიღებულ ტრამვებს, და ასევე, ტრამვის შემდგომ რეაბილიტაციას, რაც გამორჩეულად ძვირი სერვისია და იშვიათად რომ მსოფლიოს რომელიმე სამედიცინო დაზღვევა ამ ტიპის ხარჯს ფარავდეს.

რაგბის კავშირთან თანამშრომლობა, შესაბამისად, ჩვენი კომპანიისთვის არაიმდენად კომერციული ინტერესის, რამდენადაც კორპორატიული იმიჯის, პრესტიჟის და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია; ჩვენთვის პატივია ვიყოთ ასოცირებული იმ სპორტსმენებთან, რომლებსაც ამდენი სიხარული და სიამაყის განცდა მოაქვთ ქართველი გულშემატკივრისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

მოგეხსენებათ რაგბი ტრამვის მომატებული რისკის სპორტია, ამიტომ მორაგბეებისთვის პერსონალური სამედიცინო მენეჯერები გვყავს გამოყოფილი და მათი ჯანმრთელობაც მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის, ვუტარებთ პროფილაქტიკურ კვლევებს, ამ გზით ჩვენს ფინანსურ რისკებსაც ვაზღვევთ და რაგბის კავშირსაც ვუზრუნველვყოფთ, რომ საჭირო დროს სათანადო ფიზიკურ ფორმაში მყოფი მორაგბეები ჰყავდეს მოედანზე.

ჩვენი სადაზღვევო მართვის სისტემა ამერიკელი პარტნიორების მიერ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტზეა აწყობილი და სამედიცინო პროვაიდერებიც 120 ქვეყანაში გვყავს. ამ ექსკლუზიური სტანდარტის ფარგლებში ჩვენ ყველა მატჩზე ვუზრუნველვყოფთ სპეციალიზებულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებშიც მაღალკვალიფიციური ტრამვატოლოგები შედიან და ტრამვის პირველივე წამებიდან მორაგბეებს სრულმასშტაბურ კვლევებსა და მკურნალობას ვუტარებთ.  ასევე უპრეცედენტოა ჩვენი ჩართულობით ყველა საბავშვო ფესტივალის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც სპორტში ახალგაზრდა თაობის ჩართვის დამატებითი სტიმულია და ეს საქართველოში პირველად ხდება.

ამასთანავე, ჩვენი კომპანია სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს რომელთა მატარებელი რაგბის კავშირის ამჟამინდელი მენეჯმენტია, ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონვენციას ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ და პრაქტიკაშიც აქტიურად ვნერგავთ.