ლეგიონერები | მჭედლიძის ლელო და აბჟანდაძის დებიუტი

ექვსი ერის პაუზის დროს, ევროპის წამყვან სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და მათში ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს.

ტოპ 14-ის მე-17 ტურში, საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში ბორჯღალოსანი მგეზავის, თედო აბჟანდაძის დებიუტი შედგა. მან ‘ბრივის’ პირველი გუნდის შემადგენლობაში ჩელენჯ ქაფის ექვს თამაშში მიიღო მონაწილეობა და გუნდს 35 ქულაც შესძინა, ტოპ 14-ში კი პირველად გამოჩნდა.

‘ბრივმა’ ერთ-ერთ ლიდერ ლიდერ ‘ლიონს’ უმასპინძლა და 30:16 დაამარცხა. აბჟანდაძე მარქაფაში იყო და მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. პირველიდან 73-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო სტუმართა შორის 56-ე წუთიდან ვიხილეთ კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

კონკურენტის მარცხით ისარგებლა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა ‘ბორდომ’, რომელმაც ‘კასტრს’ დაძაბულ ბრძოლაში 26:24 მოუგო. მასპინძელთა წარმატებაში წვლილი ორ ქართველ ბურჯს მიუძღის – ლაშა ტაბიძე და ლექსო ყაულაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთვნენ. ‘ბორდო’ მდევარ ‘ლიონს’ უკვე 8 ქულით უსწრებს, მესამე ადგილს კი 15 ქულა აშორებს.

სტუმრად ბონუსით, 32:15 დაამარცხა ‘კლერმონმა’ ‘აჟენი’. მოედანზე ორი ქართველი ბურჯი გავიდა. სტუმართა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა დავით ზირაქაშვილმა, ხოლო მასპინძელთა რიგებში გიორგი თეთრაშვილი 47-ე წუთზე გამოჩნდა და 71-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სტუმრად ‘პოს’ დამარცხებასთან ახლოს იყო ‘მონპელიე’, მაგრამ 76-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 15:19. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ორი ჩვენებური იყო. მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე და ბურჯი უშანგი ჭეიშვილი 45-ე წუთზე შეცვალეს. 45-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, განაცხადში იყო, თუმცა თამაშმა არ მოუწია ლუკა აზარიაშვილს.

მინიმალური სხვაობით, 19:18 სძლია ‘ტულონმა’ ‘სტად ფრანსეს’. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა ჭელიძე.

 

მჭედლიძის პირველი ლელო ახალ გუნდში

‘რუანის’ შემადგენლობაში პირველი ლელო გაიტანა ბორჯღალოსანმა თამაზ მჭედლიძემ. ‘პერპინიანთან’ სტუმრად წაგებულ (12:57) მატჩში, მან შუამარბად სრულად ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს მჭედლიძე მოლში ჩაერთო და ის ლელოთი დაასრულა. მასპინძელთა რიგებში 54-ე წუთზე გამოჩნდა ვახტანგ ჯინჭარაძე.

პრო დე2-ის 22-ე ტურის პირველ შეხვედრაში, ‘გრენობლმა’ ‘ბიარიცს’ უმასპინძლა და მასთან ქულები გაიყო – 13:13. ორივე გუნდის შემადგენლობაში ძირითადსა და მარქაფაში თითო-თითო ქართველი ლეგიონერი იყო. ‘გრენობლის’ სასტარტოში დაიწყო თამაში და 63-ე წუთზე შეცვალეს დუდუ ქუბრიაშვილი. მან 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი გაუცდა. თამაშში ჩართვა არ მოუწია ნიკა ღვალაძეს. ‘ბიარიცის’ ძირითადში იყო ბურჯი გიორგი ნუცუბიძე და ის 63-ე წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

‘პროვანსისა’ და ‘ორიაკის’ შეხვედრაში მოედანზე ერთბაშად 6 ქართველი ლეგიონერი გავიდა. ‘პროვანსმა’, რომლის შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ზაზა ნავროზაშვილმა, მეტოქეს 40:10 აჯობა. სტუმართა ძირითადში სამი ქართველი იყო. გიორგი ქართველიშვილი შესვენებისას შეცვალეს, მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ 47-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი ცუცქირიძე 51-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო ბექა საღინაძე, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.

ბონუსით და დიდი სხვაობით, 55:17 დაამარცხა ‘ბეზიემ’ ‘მონ-დე-მარსანი’. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ჟორჟ სალდაძემ, რომელმაც მოედანზე 59 წუთი გაატარა. სტუმართა ძირითადში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს გელა მურუსიძე, ლაშა მაჭარაშვილი კი მოედანზე 34-ე წუთიდან გამოჩნდა. 72-ე წუთზე მაჭარაშვილი შესაცვლელი შეიქმნა და მის ნაცვლად მოედანზე მურუსიძე დაბრუნდა.

ნიკა ნეფარიძის ‘ვანმა’ ‘ვალანსი’ 47:21 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ბურჯი თამშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.

‘ოიონამ’ ‘კოლომიეს’ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა გაუტანა და სტუმრად ბონუს-ქულა აიღო – 19:22. მათ ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი მირცხულავა, ის 39-ე წუთზე მეტოქის ბურჯთან ერთად ყვითელი ბარათით დაისაჯა, რის შემდეგაც მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ‘ანგულემსა’ და ‘ნევერს’ შორის გადაიდო.

 

ზე-რაგბი და ინგლისი

სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის ზედიზედ მეოთხე მატჩში, შეხვედრა ‘სანვულვზის’ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ. იაპონური ფრანჩაიზი ახალ ზელანდიაში ‘ჰარიქეინზთან’ 15:62 დამარცხა, ჯაბამ კი მოედანზე 58 წუთი გაატარა.

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-14 ტურში, ‘ლონდონ სქოთიში’ ‘იორკშირს’ ეწვია და დიდი ანგარიშით, 73:26 დაამარცხა. სტუმართა მარქაფაში იყო ბორჯრალოსანი მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი.

 

ფოტო: Rouen Normandie Rugby