ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ პლეი ოფშიც სამნიშნა ციფრით მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის 1-მატჩა მეოთხედ-ფინალური ეტაპი რეგულარული სეზონის მოწინავე სამეულმა (‘ლელო’, ‘აია’, ‘ბათუმი’) წარმატებით დაძლია. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა და ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ‘ლელომ’ მიმდინარე სეზონში სამნიშნა ციფრითა და „მშრალი“ ანგარიშით მეორე შეხვედრა მოიგო. ‘ბათუმს’ მილენიუმის დასაბამიდან პოდიუმზე მოხვედრის შანსი პირველად გაუჩნდა. უარეს ნომრიანი გუნდებიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ‘აკადემიამ’ მოახერხა.

‘ლელო’ „ვერცხლის“ ლიგის მეორე ადგილოსან ქუთაისის ‘აია1’-ს მესამე მასივში დაუხვდა და უთანასწორო ბრძოლაში რიონისპირელები 111:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ‘ლელოს’ ძირითადის რამდენიმე მორაგბე აკლდა, რაც ფავორიტის თამაშის ხარისხს არ დატყობია.

‘ლელოს’ განუზომელი უპირატესობა 17 უპასუხო ლელოში აისახა. მარცხენა ფრთა სანდრო დარძულიძემ „პოკერი“ გაახერხა. დარძულიძის შემცვლელმა გიორგი ირემაშვილმა კი მეორე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. წყვილი ლელოს გატანა ჰავბეკმა სანდრო ჯიღაურმა და ფულბეკმა ლუკა ცირეკიძემაც მოახერხეს. დიდ დიღმელთა წარმატებას სათავე ჯიღაურის ლელომ დაუდო, ცირეკიძემ კი 7-ივე შესრულებული გარდასახვა გამოიყენა.

„ხარები არენაზე“, მოქმედმა ჩემპიონმა ‘აიამ’ „ვერცხლის“ ლიგის გამარჯვებულ ‘არმიას’ უმასპინძლა და ‘ლელოს’ მსგავსად მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო, თუმცა „არმიელთა“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და პაატა ტყაბლაძის ბიჭებს გამარჯვების მისაღწევად წვიმიან ამინდში ძალთა მაქსიმალური კონცენტრაცია დაჭირდათ.

‘არმია’ უმეტესად თავს იცავდა და მასპინძლებს სისტემური, კარგად დალაგებული თამაში დაუპირისპირა. რიონისპირელები კი დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, აქცენტს სტატიკურ ფაზებზე აკეთებდნენ, გამოთავისუფლებულ სივრცეს კი ‘აიას’ ხაზი რაციონალურად და შედეგიანად იყენებდა. მღლეტელ გიორგი ადეიშვილის, კვაჭ გიგი ჭუმბურიძის, მხტომელ ლევან კეპულაძისა და ჰავბეკ ოთარ კლდიაშვილის დადებულ ლელოებს, მეორე ნახევარში მარბიელ შოთა ხელაძისა და ფრთა გიორგი ბარდალიანის გატანილი ლელოებიც დაემატა, რამაც ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 34:0.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი1’-ისა და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრაში ქომაგმა თვალსასეირო, ლაღი, შემტევი რაგბი, ჯამში 12 გატანილი ლელო (‘ბათუმი’ 7 ლელო, ‘ხარები’ – 5) და ზეშედეგიანი თამაში იხილა. რეგულარულ სეზონში მეტოქეებს ერთმანეთთან საშინაო შეხვედრები ქონდათ მოგებული და ტრადიცია არც პლეი ოფში დაირღვა.

ბრინჯაოსმედალოსანმა ‘ხარებმა’ ფავორიტ აჭარლებს დიდი ბრძოლა გაუმართა და მარბიელ ლუკა წიკლაურის შესრულებული „დუბლით“ მასპინძლები პირველ ნახევარში 7-ქულიან უპირატესობას დააჯერა. მეორე ტაიმში ‘ბათუმმა’ ინდივიდუალური ოსტატობისა და სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა ფულბეკ ზურა ფირცხალაიშვილის კარგი თამაში და გატანილი ლელო. ზურამ საკუთარი 22-დან წამოღებული ოვალი სიჩქარეზე, ფინტების თანხლებით ლელოდ თავადვე აქცია. ქვემო ქართლელებს მატჩის ხსნის ბოლო იმედი მარქაფადან მგეზავის პოზიციაზე ჩართული ბათუმელი გიორგი რესულიძის დადებულმა ლელომ გადაუწურა – 50:35.

„რაგბი პლატოზე“, ‘ყოჩები’-‘აკადემიას’ დაპირისპირება მოსალოდნელი სიმძაფრით აღინიშნა. ‘ყოჩებს’ რეგულარულ სეზონში „მხატვრები“ ორივე შეხვედრაში ჰყავდა დამარცხებული და სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ ქვემო ქართლელებს ბოლო ტურში მეტოქის გადასწრებისა და ცხრილში მეოთხე ადგილის დაკავების შესაძლებლობა მისცა. „მხატვრებმა“ პრინციპულ მეტოქესთან წაგებული მატჩებიდან სწორი და დროული დასკვნები გამოიტანეს. ზურა თათარაშვილის შეგირდები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ და თან დროული გადაწყობისა და რაციონალური თამაშის ხარჯზე  მატჩის მიწურულისთვის 8-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ.

‘აკადემიამ’ პირველი ნახევარი ფულბეკ გიორგი ბოლქვაძის გატანილი ჯარიმით მოიგო – 3:0. ბოლქვაძე ამავდროულად მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახლდათ. მეორე ტაიმში „მხატვრებმა“ უპირატესობა ბურჯ გიორგი მჭედლიშვილის მოლით დადებული, გარდაუსახავი ლელოთი გაზარდეს. მატჩის დასკვნითმა ნაწილმა ‘ყოჩების’ იერიშებში ჩაიარა და შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ქვემო ქართლელთა შუამარბმა ნიკოლოზ თავართქილაძემ რაქიდან ეფექტურად ატაცებული ოვალი ლელოდ აქცია, რომლის გარდასახვა ჰავბეკ დაჩი ზამბახიძეს არ გაჭირვებია. დარჩენილ დროში ‘აკადემიამ’ თავი კარგად დაიცვა და მწირქულიან შეხვედრაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა – 8:7.

„ოქროს“ პლეი ოფის ერთ-მატჩა ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლელო (1) – აკადემია (5)

აია (2) – ბათუმი (3)

მატჩები უკეთეს ნომრიანი გუნდების, ‘ლელოსა’ და ‘აიას’ არენებზე გაიმართება.