დიდი 10 | აკადემია 13:35 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ „რაგბი პლატოზე“ 35:13 სძლია, ხუთი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და მინიმუმ მე-13 ტურის დასრულებამდე პირველ ადგილზე დაბრუნდა.

თამაში თოვლის ფონზე გაიმართა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით მასპინძელთა მხრიდან დერეფანში. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ ძალისმიერ თამაშში, პირველი ტაიმის მიწრულს რიცხობრივი უპირატესობაც მიიღეს და ამით კარგად ისარგებლეს.

ანგარიში მასპინძლებმა სანდრო მარგიანის ჯარიმით გახსნეს, რასაც ‘ხარების’ ორი მოლი მოყვა და პირველი ირაკლი ქვათაძის, ხოლო მეორე თორნიკე აქუბარდიას ლელოებით დასრულდა, გიორგი პეტრიაშვილმა კი ორივე გარდასახა. 28-ე წუთზე ‘აკადემიამ’ 5-მეტრიანთან კვლავ ვერ მოიგო თავისი დერეფანი, თუმცა ოვალი ვერც რუსთაველებმა დაიმორჩილეს და ლაშა შალიკაშვილი სიტუაციაში ყველაზე სწრაფად გაერკვა, თუმცა მალევე სტუმართა ძალისმიერი შეტევა ფარნა გასვიანის ლელოთი დასრულდა და პეტრიაშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო – 8:21.

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვილა, თუმცა ორი საინტერესო მოვლენა მოხდა. ჯერ გუნდებს ნერვებმა უმტყუნა და მსაჯმა ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია) და ვახტანგ ქვათაძე (ხარები) გაასინბინა, მერე კი ვიდეო-რეფერიმ დავით მოძღვრიშვილზე სახიფათო ბოჭვა დააფიქსირა, სულხან ჩიხლაძემ მას წითელი ბარათი აჩვენა და მასპინძლები მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დარჩნენ.

51-ე წუთზე რუსთაველებმა კიდევ ერთხელ მიმართეს ნაცად ხერხს და მოლი ფარნა გასვიანის მეორე ლელოთი დასრულდა. 61-ე წუთზე სტუმართა მგეზავმა გიორგი ბასილაიამ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა სამიოდე წუთში სანდრო ილურიძემ მეტოქეს მისსავე 5-მეტრიანთან გადაცემა ჩაუჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. პეტრიაშვილმა ორივე გარდასახა. შეხვედრის მიწურულს ‘აკადემიამ’ კიდევ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, თავი ირაკლი ლუარსაბიშვილმა გამოიჩინა, თუმცა ამან რუსთაველებს კომფორტულ გამარჯვებაში ხელი არ შეუშალა – 35:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ კვაჭი ირაკლი ქვათაძე გახდა.