დიდი 10 | ყოჩები 24:21 ბათუმი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ჩემპიონ ‘ბათუმს’ „რაგბი პლატოზე“ დაძაბულ მატჩში 24:21 აჯობა და დიდი 10-ის გასული სეზონის ფინალში განცდილი მარცხისთვის ერთგვარი რევანში აიღო.

თამაშში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და სანდრო ფურცხვანიძის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ. ‘ბათუმმა’ 27-ე წუთზე მამუკა ნინიძის ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 6:3 დასრულდა.

48-ე წუთზე ფრთაზე სანდრო სვანიძე გაიქცა და ლელოსაც აუცილებლად გაიტანდა, რომ არა ნიკოლოზ რეხვიაშვილის ბოჭვა. ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ ამ ეპიზოდში რეხვიაშვილმა მოხრა დააგვიანა და ის ყვითელი ბარათით, გუნდი კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. კაცნაკლულად მოთამაშე ‘ყოჩებმა’ ორჯერ შეძლო დასარტყმელ პოზიციაში ჯარიმის მოპოვება, პირველი არაზუსტი იყო, ხოლო მეორეთი ფურცხვანიძემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ორიოდე წუთში ნინიძემ საპასუხო ჯარიმა გაიტანა, თუმცა განახლდა თუ არა თამაში, ბათუმელებმა დაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, მას ნიკა ბიწაძე დაეუფლა და ლელოთი ბოლნისელები დააწინაურა. ფურცხვანიძემ გარდასახვით მონაგარს 2 ქულა შემატა.

მოვლენები ამის შემდეგაც ელვისებურად განვითარდა. 64-ე წუთამდე ნინიძემ და ფურცხვანიძემ ჯარიმები გაცვალეს. მალევე ‘ყოჩებმა’ სინბინით იოსებ გუშარაშვილი დაკარგა, ‘ბათუმმა’ 5-მეტრიან დერეფანში ბურთი ცუდად ააგდო, მაგრამ ის ვერც მცველებმა დაიმორჩილეს და ამით დაჩი კოპაძემ ისარგებლა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე ბათუმელთა ბურჯმა ვაჟა თაგაურმა მიიღო, ‘ყოჩებმა’ 5-მეტრიანი მოლის შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტია, სადაც კარგად ჩაერთო რეხვიაშვილი და ბოლნისელებს ლელოთი ლიდერობა დაუბრუნა – 24:21.

მასპინძლებმა დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე ჭკვიანურად გაიყვანეს და სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვეს. შედეგად, ‘ყოჩებს’ 26 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ‘ბათუმს’ ნუგეშის ქულა ერგო და 16 ქულით მე-8 პოზიციაზეა. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა.