ლეგიონერები | ლელოები პირველ ტურში

საფრანგეთის ტოპ 14-ის 2022/2023 წლების პირველსავე ტურში ბექა საღინაძემ ‘ლიონის’ კვართით ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობა.

მიმდინარე სეზონში ტოპ 14-ის 13 გუნდში 30 ქართველი ლეგიონერი ირიცხება, მათგან 12-ს ესპუარების კონტრაქტი აქვს და ერთ-ერთი დავით ნინიაშვილია, რომელიც უკვე იქცა ‘ლიონის’ ლიდერად. ერთადერთი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ლეგიონერი არ არის ‘ტულუზაა’.

ტოპ 14-ის კლუბებში ირიცხებიან: ბაიონი – კოტე მიქაუტაძე, , ლუკა ჭელიძე, ბადრი ციხისთავი (ესპუარი), ლაშა ციხისთავი (ესპუარი); ბორდო – ლექსო ყაულაშვილი; ბრივი – ვასილ ლობჟანიძე, გიორგი შველიძე, ვანო კარკაძე (ესპუარი), ლუკა ჯაფარიძე (ესპუარი); კასტრი – ლევან ჩილაჩავა; კლერმონი – გიორგი ძმანაშვილი (ესპუარი); ლა როშელი – ნიკა სუთიძე (ესპუარი), ალექსანდრე ქუნთელია (ესპუარი); ლიონი – ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვილი (ესპუარი); მონპელიე – გელა აფრასიძე, მატის მოდებაძე; პერპინიანი – გიორგი თეთრაშვილი, ნოდარ შენგელია (ესპუარი), ვახტანგ ჯინჭარაძე (ესპუარი); პო – ბექა გორგაძე, გურამ პაპიძე; რასინგ 92 – გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი; სტად ფრანსე – ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ცუცქირიძე, სერგო აბრამიშვილი (ესპუარი); ტულონი – ბექა გიგაშვილი, დავით მჭედლიძე (ესპუარი).

ერთი კვირით ადრე დაიწყო და უკვე ორი ტური ჩატარდა პრო დე2-ში, სადაც 52 ქართველი ლეგიონერი თამაშობს და მათგან 17 ესპუარია. ესენი არიან:

ანგულემი – ირაკლი ცხადაძე, ომარ ოდიშვილი, ოთარ კინწურაშვილი (ესპუარი), საბა ფესვიანიძე (ესპუარი); აჟენი – მამუკა მსტოიანი (ესპუარი); ბეზიე – გიორგი ახალაძე, ჟორჟი სალდაძე; ბიარიცი – თორნიკე ჯალაღონია, ლაშა ტაბიძე, გიორგი ნუცუბიძე, ლუკა აზარიაშვილი, ლუკა მაჭარაშვილი; გრენობლი – ზურაბ ჟვანია, საბა მიქელაშვილი, ლუკა გოგინავა, ირაკლი აფციაური (ესპუარი), გიორგი მამაიაშვილი (ესპუარი), გუგა ღანიაშვილი (ესპუარი); კარკასონი – ვახტანგ ახობაძე, სოსო ბეკოშვილი, ნუგზარ სომხიშვილი, ლუკა პეტრიაშვილი (ესპუარი); კოლომიე – ბექა შეყლაშვილი; მასი – უჩა ჭეიშვილი; მონ-დე-მარსანი – ლაშა მაჭარაშვილი; მონტობანი – თედო აბჟანდაძე, ოთარ გიორგაძე, მირიან ბურდული; ნევერი – ლაშა ჯაიანი, ლადო ჩაჩანიძე, თორნიკე მატარაძე, ილია კაიკაციშვილი, ლაშა ფხაკაძე (ესპუარი), რატი ზაზაძე (ესპუარი); ოიონა – ირაკლი მირცხულავა, დავით არველაძე (ესპუარი), ალექსი სვიანიძე (ესპუარი); ორიაკი – მიხეილ ალანია, გიორგი გოგოლაძე, ლუკა ნიორაძე, დაჩი პაპუნაშვილი, ნიკა საყვარელიძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჯავახია, ალექსანდრე ბურდული (ესპუარი), ირაკლი მჭედლიძე (ესპუარი), ბექა შვანგირაძე (ესპუარი), ბასა ხონელიძე (ესპუარი); პროვანსი – დავით გვიდიანი, დავით გველესიანი (ესპუარი), გიგი ქურხული (ესპუარი); რუანი – ხვიჩა ცოფურიშვილი.

საღინაძემ ტოპ 14 ლელოთი დაიწყო, გორგაძე ‘პოს’ კაპიტანია

‘ლიონი’ პირველ ტურში ‘ბრივს’ ეწვია და 31:27 დაამარცხა. ჩელენჯ თასის გამარჯვებული გუნდის რიგებში, ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა სრულად ითამაშეს. 65-ე წუთზე მეტოქის 22-ში ნინიაშვილის გარღვევითა და ოფლოუდით დაწყებული იერიში, ორი ფაზის შემდეგ ლელოთი საღინაძემ დაასრულა და ანგარიში 31:20 გახადა. ‘ბრივმა’, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ვანო კარკაძე იყო (48-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 39-ე წუთზე შევიდა, ბოლო წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და მცირედი მარცხისთვის ნუგეშის ქულას გამორჩა.

მიმდინარე სეზონში ‘პოს’ ბექა გორგაძე უკაპიტნებს და ამ რანგში მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მისმა გუნდმა ‘პერპინიანი’ მიიღო და 16:14 დაამარცხა. კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის შესვენების შემდეგ 40 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ.

‘რასინგ 92’-მა ‘კასტრს’ უმასპინძლა და 25:19 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა გია ხარაიშვილმა.

‘ტულონმა’ ‘ბაიონი’ მიიღო და 40:25 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა ბექა გიგაშვილმა. სტუმართა რიგებში თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო კოტე მიქაუტაძე, თუმცა 1 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.

პარიზში ‘კლერმონს’ 24:18 სძლია ‘სტად ფრანსემ’, რომლის ძირითად შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

‘მონპელიე’ ‘ლა როშელს’ ეწვია, 22:26 დამარცხდა და მცირე სხვაობისთვის ნუგეშის ქულას დასჯერდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ.

ლექსო ყაულაშვილის ‘ბორდომ’ ‘ტულუზს’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 25:26 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა.

პრო დე2-ის მეორე ტური

მეორე ტურის პირველ მატჩში ‘ბეზიე’ ‘მონ-დე-მარსანს’ 26:3 ამარცხებდა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში სამი გარდასახული ლელო გაუშვა და მხოლოდ 26:24 მოიგო. გამარჯვებულთა განაცხადში იყო და 45-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ.

‘ოიონამ’ ‘მასი’ ბონუსით, 33:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი სტუმართა ძირითადში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.

‘ბიარიცი’ ‘ვანს’ ეწვია და 26:34 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე ითამაშეს ლაშა ტაბიძემ (40 წუთი) და თორნიკე ჯალაღონიამ (30 წუთი).

‘ორიაკმა’ ‘პროვანსი’ მიიღო და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა – 22:13. მასპინძელთა რიგებში ტრადიციულად მრავლად იყვნენ ქართველი ლეგიონერები. მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდნენ ბურჯი გიორგი ქართველიშვილი (50-ე წუთზე შეცვალეს), მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (59-ე წუთზე შეცვალეს), მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე და ფულბეკი გიორგი გოგოლაძე. შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა ლუკა ნიორაძე, ხოლო მიხეილ ალანია მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. შვანგირაძემ 35-ე და 68-ე წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღო და მოედნის დატოვება დაგეგმილზე 12 წუთით ადრე მოუწია.

‘კარკასონმა’ საკუთარ მოედანზე ‘მონტობანს’ 21:10 სძლია. მასპინძელთა ძირითადში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს სოსო ბეკოშვილი. სტუმართა რიგებში პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა, ხოლო თედო აბჟანდაძე შეცვლაზე ასევე 46-ე წუთზე შევიდა და მე-60-ეზე გარდასახვა გაიტანა.

20:18 მოუგო ‘ნევერმა’ ‘ანგულემს’. მასპინძლებმა თამაში ქართველი მეორეხაზელებით დაიწყეს – ლადო ჩაჩანიძე (სრულად) და ლაშა ჯაიანი (60 წუთი). ‘ანგულემის’ ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა მესამეხაზელმა ირაკლი ცხადაძემ.

სეზონის სტარტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ‘გრენობლმა’, რომელმაც ამჯერად სტუმრად ‘აჟენი’ დაამარცხა – 16:11. მათ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს ზურაბ ჟვანია.

ერთი კვირით ადრენიორაძის ლელო და აბჟანდაძის 3 ქულა

პრო დე2-ის პირველი ტური ერთი კვირით ადრე გაიმართა და მასში ორმა ქართველმა ჯამში 8 ქულა მოიხვეჭა, სულ კი მოედანზე 20 ჩვენებური გავიდა. სეზონის პირველი ქართული ლელო ლუკა ნიორაძემ გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ახალი გუნდის მაისურით ჯარიმიდან პირველი 3 ქულა მიითვალა.

7-მა ქართველმა ითამაშა ‘მონ-დე-მარსანისა’ და ‘ორიაკის’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 40:18 მოიგეს. ‘მონ-დე-მარსანის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 40 წუთი ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა. სტუმრებმა 53-ე და 54-ე წუთებზე ყვითელი ბარათით ორი კაცი დაკარგეს და მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა ამ პერიოდში მოიპოვეს. ‘ორიაკის’ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ იყვნენ გიორგი ქართველიშვილი (50-ე წუთზე შეცვალეს), გიორგი ჯავახია (მე-60-ე წუთზე შცვალეს და 7 წუთში მოედანზე დაბრუნდა) და ბექა შვანგირაძე. 59-ე წუთზე  შეცვლაზე შევიდნენ მიხეილ ალანია და გიორგი გოგოლაძე, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.

ანგარიში სტუმრებმა მე-7 წუთზე გახსნეს, როდესაც შვანგირაძემ ხაზი გაჭრა და თანაგუნდელს ლელო გაატანინა. 73-ე წუთზე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს. ის მოლით შეტევას მოყვა და ბურთს ლუკა ნიორაძე აკონტროლებდა.

‘მონტობანმა’ ‘’ნევერი’ მიიღო და 29:20 მოუგო. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბურჯი თორნიკე მატარაძე (47-ე წუთზე შეცვალეს) და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, ხოლო ასევე მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. გამარჯვებულთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა მირიან ბურდულმა, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო და 68-ეზე ჯარიმა გაიტანა.

პრო დე2-ის გახსნით მატჩში ‘ბიარიცმა’ ‘ოიონას’ უმასპინძლა და 18:14 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა შერკინების შემკვრელმა თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო ბურჯი ლაშა ტაბიძე შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა.

‘გრენობლმა’ ‘ბეზიე’ მიიღო და 19:15 სძლია. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ზურაბ ჟვანია და ის 52-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა ჟორჟ სალდაძე. გიორგი ახალაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

‘ანგულემმა’ დრამატულ მატჩში ‘ვანი’ მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით 31:30 დაამარცხა. გამარჯვვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს ომარ ოდიშვილი. მე-13 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

‘კოლომიემ’ ‘კარკასონი’ მიიღო და 24:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა და 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა ძირითადში იყო სოსო ბეკოშვილი და ის მე-60 წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

 

ფოტო: A.Mounic/L’Equipe