დიდი 10 | ლოკომოტივი vs ლელო

დიდი 10-ის 2022/2023 წლების პირველი ტურის მეოთხე მატჩში დედაქალაქური დერბია. დიდ დიღომში 18:30 საათზე, „ლელო არენაზე“ ‘ლოკომოტივი’ ‘ლელოს’ ეთამაშება.

გასული სეზონი რკინიგზელებმა მე-7 ადგილზე დაასრულეს და ფლეი ოფს მიღმა დარჩნენ. ზაფხულში გუნდი 12-მა მოთამაშემ დატოვა: რევაზ ხარაზიშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, ბექა წიკლაური, ვახტანგ ქვათაძე, ირაკლი ქვათაძე, ფარნა გასვიანი, გიორგი მოსულიშვილი, ნიკოლოზ წივწივაძე, გაგა არაბული, ბიძინა სამხარაძე, სანდრო დვალი და ლაშა გედეხაური. მათ ნაცვლად სოლიდური შევსებაც მივიდა: გიორგი ძაბახიძე (ყაზბეგი), ბერდია გიგაშვილი, მიხეილ აბრამიშვილი, ნიკოლოზ შონია (სამივე ‘აკადემია’), მიშო ჩაჩავა, ლაშა ტიტვინიძე (ორივე ‘იუნკერები’), დიმა ხურცილავა (‘ხვამლი’) და დიმიტრი კალანდაძე (‘ლელო’).

რადგან შემადგენლობის გადახალისების პროცესი მიმდინარეობდა, გუნდს ვარჯიშები პრაქტიკულად არ შეუწყვეტია და ორი შეკრებაც გაიარა. მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი ამბობს:

„ვარჯიში პრაქტიკულად არ შეგვიჩერებია, რადგან მიმდინარეობდა ახალი მოთამაშეების შემოწმება. ფაქტიურად ახალი გუნდით ვიწყებთ ჩემპიონატს, რომელიც ჩემი აზრით ბრძოლისუნარიანი იქნება. გავიარეთ ორი შეკრება – თელავსა და მალთაყვაში, საიდანაც 3-4 დღეა რაც ჩამოვედით. დალაგებისკენ მივდივართ და სრულყოფილ გუნდად ჩამოყალიბებამდე რაღაც პერიოდი კიდევ დაგვჭირდება. გასულმა სეზონმა იმედები გაგვიცრუა. ისე მოხდა, რომ ტრავმების გამო სრულყოფილი შემადგენლობით პრაქტიკულად შეხვედრა არ ჩაგვიტარებია, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. ‘ლელოს’ ძლიერი მხარეები განვიხილეთ, მომზადებულები ვართ და შევეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

2017 წლის შემდეგ, ‘ლელოს’ მედლები არ მოუპოვებია. გასულ სეზონში მან ფლეი ოფის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, თუმცა მერე ‘ხარებთან’ დამარცხდა (18:22) და მეოთხე ადგილს დასჯერდა. გუნდი დატოვეს გიორგი მარგალიტაძემ, დავით აბდუშელიშვილმა, თორნიკე კახოიძემ, ალექს ხეცოიძემ, ლევან პაპიძემ, ლაშა და ბადრი ციხისთავებმა, კობა კოლოტაურმა და საბა ჯღარკავამ. ‘ლელოს’ დაუბრუნდნენ საკუთარი აღზრდილები სანდრო ქოიავა ‘ბათუმიდან’, ირაკლი ყიასაშვილი ‘ყაზბეგიდან’ და დიტო კიკნაძე ‘იუნკერებიდან’.

მთავარი მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი ამბობს, რომ დანაკლისის მიუხედავად გუნდი ახალ სეზონს მზადყოფნაში ხვდება:

„სამწვრთნელო შტაბში ხაზის მწვრთნელად ოთარ ბარკალაია დაგვემატა, ასევე დავიბრუნეთ რამდენიმე ჩვენი გამოცდილი მოთამაშე და ახალგაზრდებით გავძლიერდით. 26 ივლისიდან ვვარჯიშობთ და ორი ტესტ-მატჩი გვქონდა ‘არმიასთან’ და ‘შავ ლომთან’. ამ თამაშებმა დაგვანახა რაზე გვაქვს სამუშაო და ჩემპიონატს მომზადებული ვხვდებით“.