ბადრი შვანგირაძე იუბილარია!

გამოჩენილ ბორჯღალოსან ბადრი შვანგირაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ბადრი შვანგირაძე 1981-95 წლების პერიოდში მშობლიური ქუთაისის მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა და ქართული რაგბის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

ბრგე, ჯანიანი და მკვირცხლი ბიჭუნა ლეგენდარული მწვრთნელის რამაზ სვანიძის მახვილ თვალს არ გამოპარვია და „შოკმა“ ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან სპორტსმენის კარიერა რაგბში განაგრძო და მოკლე ხანში ‘სახმშენის’ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურადაც იქცა. შვანგირაძემ ‘სახმშენის’ დიდ გუნდში გადასვლამდე, ქუთაისელთა ახალგაზრდული გუნდთან ერთად საბჭოეთის ჩემპიონობა 2-ჯერ მოიგო.

მღლეტელის პოზიციაზე მოთამაშე შვანგირაძე, რიონისპირელთა რიგებში კარიერის მანძილზე სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული 3-გზის დაეუფლა, თითოჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა და 2-ჯერ საბჭოეთის თასიც შემართა.

ბადრი შვანგირაძემ სსრკ-ს ნაკრებშიც მყარად მოიკიდა ფეხი და 6-წლიანი სანაკრებო კარიერის მანძილზე იმხანად პრესტიჟული სოც. ინდუსტრიის საერთაშორისო ტურნირიც მოიგო. საბჭოური რაგბის მესვეურთა დაუდევრობამ, „შოკის“ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატობა დააკარგინა, რაც საბჭოეთში მორაგბეთათვის უმაღლესი წოდება გახლდათ.

ქართული რაგბის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ბადრი შვანგირაძემ მშობლიურ ‘აიას’ მიერ საქართველოს პირველობის 2-გზის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ შვანგირაძე ლელობურთის განვითარების საქმეშიც აქტიურად იყო ჩართული და რიონისპირელებთან ერთად 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატშიც იპირველა.

ბადრი შვანგირაძე გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მორაგბე, ვინაც ევროპაში „ფანჯარა გაჭრა“ და ლეგიონერის სტატუსით მონაწილეობა პოლონეთის ჩემპიონატში მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ „შოკმა“, თავის მეგობარ ელდარ ბეშკენაძესთან ერთად მარიუპოლში მორაგბეთა ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი ჩამოაყალიბა და უკრაინული რაგბის განვითარებაში თავისი წვლილიც შეიტანა.

მართალია, შვანგირაძის ტრავმის გამო, ქუთაისში ზიმბაბვესთან გამართული ბორჯღალოსანთა ისტორიული სადებიუტო შეხვედრა გაუცდა, თუმცა შემდგომში გამოცდილმა და მაღალი კლასის მღლეტელმა ქვეყნის მთავარი გუნდის კვართის მორგება 8-გზის მოასწრო და ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ბადრი შვანგირაძის ოჯახში რაგბის მდიდარი ტრადიცია წარმატებით გრძელდება. „შოკის“ უმცროსი ვაჟი ბექა შვანგირაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და თან მარბიელის პოზიციაზე მყოფი პერსპექტიული ჭაბუკი ფრანგული ‘ორიაკის’ ძირითად გუნდშიც დაწინაურდა.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ულოცავს ბატონ ბადრი შვანგირაძეს 60 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ქართული რაგბის მრავალი წარმატებით გახარებას.