დიდი 10 | ლელო-სარასენსი 31:25 იუნკერები

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და პირველი წრე ლიდერთა სიახლოვეს დაასრულა.

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘იუნკერებმა’ პირველი წრის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა და მართალია 9-იდან 7 თამაშში დამარცხდა, მაგრამ ყველა მათგანში ნუგეში (7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის) აიღო.

„ლელო არენაზე“ მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე, ნიკა სვიმონიშვილის სწრაფი ლელოთი გახსნეს და ირაკლი ყიასაშვილიც გარდასახვიდან ზუსტი იყო. რამაზ ხარაზიშვილმა მალევე ჯარიმით უპასუხა, ხოლო მე-14 წუთზე ლევან გომიაშვილმა სტუმრები ლელოთი დააწინაურა და ხარაზიშვილმა გარდასახვით უპირატესობა გაზარდა – 7:10.

ყიასაშვილმა ჯარიმით წონასწორობა 3 წუთში აღადგინა. ‘ლელო-სარასენსმა’ ლიდერობა 33-ე წუთზე დაიბრუნა, როდესაც ყიასაშვილმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა. ტაიმის ბოლოს ‘იუნკერებმა’ ვახტანგ კავთიძის ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელო-სარასენსმა’ გამარჯვება პრაქტიკულად დაიბევა. არჩილ აბესაძისა და თენგიზ პერანიძის ლელოებს ყიასაშვილის ზუსტი გარდასახვები მოყვა და ანგარიში 31:15 გახდა. ‘იუნკერები’ არ დანებდნენ და 57-ე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, 75-ეზე ხარაზიშვილმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა, რითაც საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა – 31:25.

‘ლელო-სარასენსი’ 26 ქულით ‘აკადემიასთან’ მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს, ხოლო ‘იუნკერები’ 15 ქულით მე-7 პოზიციაზეა.