განვითარების ჯგუფის განცხადება | მწვრთნელთა მომზადების, გადამზადებისა და სერთიფიცირების შესახებ

საქართველოს რაგბის კავშირის ეროვნული სასწავლო ცენტრი იწყებს მწვრთნელთა მომზადების, გადამზადებისა და სერთიფიცირების პროცესს შემდეგი კალენდარული გრაფიკის მიხედვით:

I დონე – ქ. თბილისსა და რეგიონებში მწვრთნელთა მომზადების, გადამზადებისა და სერთიფიცირების პროცესი დაიწყება 2021  წლის 1 ნოემბრიდან (მათ შორის მსმენელთა განაცხადები მიიღება 2021  წლის 1 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით) და დასრულდება 2022 წლის 30 აპრილს.  I დონის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად სავალდებულოა I დონის მსაჯთა სასწავლო პროცესის გავლაც.

მსმენელთა (მწვრთნელთა) ხელშეწყობის მიზნით რაგბის კავშირის თანადაფინანსების მეშვეობით I დონის სწავლების საფასური ნაცვლად 230 ლარისა შეადგენს – 158 ლარს, ხოლო მათ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რაგბის კავშირი სრულად მოახდენს აღნიშნული გადასახადის სუფსიდირებას. 

II დონე – ქ. თბილისსა და რეგიონებში მწვრთნელთა სწავლებები  დაიწყება 2022 წლის 1 მაისიდან და დასრულდება 2022 წლის 31 ოქტომბერს. II დონის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია I დონის  ლიცენზიის ქონა.

მსმენელთა (მწვრთნელთა) ხელშეწყობის მიზნით რაგბის კავშირის თანადაფინანსების მეშვეობით II დონის სწავლების საფასური ნაცვლად 274 ლარისა შეადგენს – 185 ლარს, ხოლო მათ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რაგბის კავშირი სრულად მოახდენს აღნიშნული გადასახადის სუფსიდირებას.

III დონე – ქ. თბილისში სწავლების პროცესი დაიწყება 2022 წლის 1 ნოემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს  2023 წლის 31 მაისისა.

III დონის სწავლების საფასური მსურველებს ეცნობებათ აღნიშნული სასწავლო პერიოდის დაწყებამდე  1 თვით ადრე.

მნიშვნელოვანია!: მწვრთნელს, რომელსაც არ ექნება შესაბამისი დონის ლიცენზია, აეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის გუნდთან მუშაობა და დარღვევის შემთხვევაში როგორც მას, ასევე კლუბს, რომელსაც ის წარმოადგენს, დაეკისრება შესაბამისი სანქცია. აღნიშნული რეგულაცია რაგბის კავშირის მხრიდან უმკაცრესად გაკონტროლდება!