ბესიკ ხამაშურიძე: „ეს წარმატება ერთსულოვნებამ განაპირობა“

ქუთაისის ‘აიამ’ პოსტ-პანდემიური, 2020/2021 წლების სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და 26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესიკ ხამაშურიძეა, რომელიც წლების წინ საფრანგეთიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ქუთაისური რაგბის აღორძინება ითავა. ის ჯერ ‘აიას’ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მერე სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა და წელს ჩემპიონი მთავარი მწვრთნელის რანგში გახდა:

„ძალიან დიდხანს ველოდით ამ ჩემპიონობას და ეს წარმატება უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენი კლუბისთვის, ასევე ქალაქისთვის. ვფიქრობ, აქამდეც შეგვეძლო წარმატების მიღწევა, მაგრამ წლების განმავლობაში ახალგაზრდული გუნდი გვყავდა, რომლებიც 20 და 18-წლამდელთა, ასევე სხვადასხვა ნაკრებში თამაშობდნენ და კლუბისთვის ეს ერთგვარად ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობისაა ის, რომ ბევრი ქუთაისელი მოთამაშე გამოჩნდა სხვადასხვა ნაკრებში, წავიდა სათამაშოდ ევროპაში და ეს ყველაფერი ქართული რაგბის კეთილდღეობას წაადგა“ – ამბობს ბესიკ ხამაშურიძე და განაგრძობს:

„წლევანდელი წარმატების მთავარი ფაქტორი კონკურენცია იყო. გუნდი კარგად შეიკრა, იყო ერთსულოვნება, საქმეს ყველა უდიდესი პასუხისმგებლობით უდგებოდა და ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ წლევანდელი სეზონი დაგვეგვირგვინებინა. დიდი მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობას, რომელიც დიდი ხანია გვერდში გვიდგას. მათი თანადგომის გარეშე ჩვენს ქალაქს ეს სიხარული ვერ ექნებოდა“.

‘აიამ’ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, რამაც ქუთაისს 30-წლიანი შესვენების შემდეგ ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლება მოუპოვა. იქ ქუთაისელებმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’ დაძაბულ ბრძოლაში 16:13 დაამარცხა და დამსახურებული ჯილდო ჩაიბარა:

„ფინალის შესაფერისი შეხვედრა იყო. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. ყველა მათგანს გათავისებული ქონდა ამ თამაშის მნიშვნელობა. იყო მომენტი, როდესაც თითქოს გაგვექცა სადავეები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება მოვახერხეთ. მატჩის დაწყებამდე ფავორიტი ‘ბათუმი’ იყო – გამოცდილი მოთამაშეებით, გრძელი სათადარიგო სკამით, რაც რაგბში უმნიშვნელოვანესია, თუმცა სწორად შერჩეულმა ტაქტიკამ, ბიჭების თავდადებამ და დავალებების პირნათლად შესრულებამ, ჩვენი გამარჯვება განაპირობა“.

‘აია’ ნანატრ ტიტულს იოლად რომ არ დათმობს ცხადია. ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ გუნდის ბირთვის შენარჩუნება მოხერხდა და მომავალი სეზონიც წარმატებული იქნება:

„როგორც ყოველთვის, ზაფხულში მოთამაშეთა ნაწილი დაგვტოვებს და მოვლენ მათი შემცვლელები. ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით, ვეცდებით იმ ბირთვის შენარჩუნებას, ვისზეც ჩვენი გუნდია აწყობილი და ბოლო წლების მსგავსად ხარისხიანი რაგბის ჩვენებას, რათა ჩვენი გულშემატკივარი მომავალშიც არაერთხელ გავახაროთ“.