7-კაცას მოსამზადებელი ტურნირი ალგარვეში

საქართველოს 7-კაცა ნაკრები, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც ალგარვეს მოსამზადებელ ტურნირში ითამაშებს.

მანამდე განვითარებადმა საქართველომ საფრანგეთში, ქალაქ ტურის ტურნირზე ითამაშა, რამაც მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატების ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობები დაანახა. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის, გია ლაბაძის თქმით, საფრანგეთში გამოჩნდა, რომ სამუშაო ყველა მიმართულებით ბევრია:

„ტურის ტურნირმა დაგვანახა სად ვართ როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური მონაცემებით. რეალობა ისაა, რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით. ეს მოსალოდნელი იყო. იმისათვის, რომ ჩვენი ტაქტიკური მონახაზი შესრულდეს, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ფიზიკური და ტექნიკური არსენალი“.

ტურში 7-კაცა ნაკრებს ის მორაგბეები დააკლდნენ, რომლებიც დიდი 10-ის ფლეი ოფში თამაშობდნენ (ბათუმი, ყოჩები, ხარები). დანაკლისი ალგარვეშიც იქნება, თუმცა მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ აქ გუნდი ბევრად უკეთ გამოვა.

პორტუგალიის 10-გუნდიან ტურნირში საქართველო „ა“ ჯგუფში ჰონკონგის ნაკრებთან, ‘სევენტისთან’, ‘დურჰამთან’ და ‘ფანტასტიქსთან’ ითამაშებენ. „ბ“ ჯგუფში პორტუგალიის ნაკრები, ‘ბლუ ბულზი’, ‘ლანდესი’, ‘პეტელო’ და ‘ვიატორი’ არიან გაერთიანებული. თამაშები შაბათ-კვირას, 11-12 ივნისს გაიმართება.

„ალგარვეში იმ მოთამაშეებსაც გამოვცდით, რომელთა საქმეში ნახვა ტურში ვერ მოვახერხეთ და რეალურად შევაფასებთ მსოფლიო თასზე ჩვენი გასვლის შანსებს. ახლაც გვაკლია რამდენიმე მორაგბე, რომელთაც ოფიციალური ტურნირებისთვის მოვიაზრებთ, თუმცა ეს არის შანსი ყველასათვის დაამტკიცოს, რომ ამ გუნდის სრულფასოვან წევრობას იმსახურებს. ახლა უკეთ ვართ მომზადებულები და შესაბამისად, უკეთეს შედეგებსაც ველოდებით“ – ამბობს ლაბაძე.

აღსანიშნავია, რომ ალგარვეში საქართველოს 7-კაცა მარტო არ იქნება და იქ სულხან ჩიხლაძე იმსაჯებს.

ალგარვეს ტურნირზე ითამაშებენ

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკა გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა, რუმინეთი).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე