7-ქალა შეკრებაზე შევიდა

საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის „ალაფისთვის“ ემზადება, ხორვატიაში გამგზავრებამდე 5-დღიან შეკრებაზე შევიდა.

კოვიდ-ტესტირების გავლის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ შეკრებაზე 17 მოთამაშე შეიყვანა, საიდანაც 12 უნდა შეირჩეს. გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ნინო წიკლაური, რომელმაც ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. შეკრებაზე 5 ისეთი მორაგბეა, რომელთაც აქამდე ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია.

„სამწუხაროდ, ორი წელია ჩვენს ნაკრებს თამაში არ ჩაუტარებია და არც შიდა ტურნირი, ან ფესტივალი გამართულა. ამან სხვა გოგონებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა და ბირთვიც ჩვენთვის ნაცნობი სახეებიდან შეირჩა. სამომავლოდ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება და ტურნირები აღდგება, ახალი მოთამაშეებიც დაგვემატებიან. ამჟამად ჩვენთან 5 ისეთი გოგონაა, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშიათ, თუმცა შეკრებებზე სხვა დროსაც გვყავდა“ – ამბობს მალაღურაძე.

გაისად ლიდერებთან ერთად

რაგბი ევროპის „ალაფა“ წელს განსხვავებული სისტემით იმართება და მის პირველ ეტაპს 19-20 ივნისს ზაგრები მასპინძლობს. ხორვატიაში ჩვენი 7-ქალა 16 ივნისს მიემგზავრება და იქ ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთისა და დანიის ნაკრებებს შეხვდება. „ა“ ჯგუფში უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი და მოლდოვა გაერთიანდნენ.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს „ალაფაზე“ 12-ის ნაცვლად 10 გუნდი თამაშობს და „კონფერენც დივიზიონში“ ორის ნაცვლად სამი ვარდება, ხოლო ჩემპიონატის საგზურს კვლავ ორი ნაკრები მიიღებს. მალაღურაძის თქმით, მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, მით უმეტეს, რომ გაისად „ალაფაზე“ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებიც ითამაშებენ:

„სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში არა თუ თამაშს, ვარჯიშსაც ვერ ვახერხებდით და შანსების შეფასება ძალიან რთულია, მით უმეტეს, რომ ჩვენმა კონკურენტმა გუნდებმა მოახერხეს ტურნირების თამაში. დამატებით წნეხს ისიც გვმატებს, რომ წელს „ალაფაზე“ მოთამაშე გუნდების რაოდენობა შემცირდა და ლიგიდან უფრო მეტი ვარდება. ვეცდებით ამ შეკრებაზე დავხვეწოთ ჩვენი თამაში და კონკრეტულად თითოეული შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ, მაქსიმუმი გავიღოთ და ეს შედეგის მომტანი იქნება“.

„ამ ეტაპზე მიზანი რა თქმა უნდა „ალაფაზე“ დარჩენაა და მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი მომზადება ვერ გავიარეთ, დარწმუნებული ვარ გოგონები დასახულ ამოცანას თავს გაართმევენ. ყველა მათგანი გაზრდილია და მომატებული პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს, რაც გუნდს აუცილებლად წაადგება“.

„ალაფაზე დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს ამ დივიზიონში ოლიმპიადაზე გასული დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ, დიდ გუნდებთან შეხვედრა კი გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარების დახვეწაში დაგვეხმარება“.

7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

შეკრებაზე არიან

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), მარიამი სიხარულიძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), სალომე ოთარაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი)

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე