7-ქალა | საერთაშორისო ტურნირი „შევარდენზე“

26 მარტს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზა 7-ქალა რაგბში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. მასში 5 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები 11 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება.

დედაქალაქში სტუმრად საბერძნეთი ჩამოდის, რომელსაც საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, ერთხელ უკვე უთამაშია. მისი მეტოქეები ზუგდიდის, ქუთაისის და თბილისის ‘ლოკომოტივის’ გუნდები იქნებიან, ასევე საქრთველოს ნაკრები, რომელიც კლუბის გარეშე მყოფი გოგონებით დაკომპლექტდება.

საქართველოს 7-ქალა ნაკრების მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე მოხარულია, რომ გოგონებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე თამაშის შესაძლებლობა ექნებათ:

„ჩვენი სურვილია, რომ წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საერთაშორისო ტურნირს მაინც ვუმასპინძლოთ. შარშან ამის შესაძლებლობა პანდემიამ არ მოგვცა, წელს კი ბერძნები გვეწვივნენ. ჩვენის მხრივ, მათ ვხვდებით ქართული გუნდებით, რომლის შემადგენლობაში ნაკრების კანდიდატებიც ითამაშებენ, რასაც დაემატება უკლუბოდ მყოფი სანაკრებო ბირთვისგან შემდგარი გუნდი. ამ ტურნირს რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მისამზადებელ ეტაპად არ განვიხილავ, რადგან შესაბამისი დონის ვერ იქნება. მას უფრო სხვა დატვირთვა აქვს – ქალთა რაგბის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე შესაძლებლობა გოგონებისთვის, წარსდგნენ მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე“.

საერთაშორისო ტურნირი 7-ქალა რაგბში
26 მარტი. „შევარდენი“

11:00 საქართველო – ზუგდიდი

11:15 საბერძნეთი – ლოკომოტივი

12:15 საქართველო – ქუთაისი

12:30 ზუგდიდი – საბერძნეთი

13:30 ქუთაისი – ლოკომოტივი

13:45 საქართველო – საბერძნეთი

15:30 საქართველო – ლოკომოტივი

15:45 ქუთაისი – ზუგდიდი

16:45 ქუთაისი – საბერძნეთი

17:00 ზუგდიდი – ლოკომოტივი