7-ქალა | რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მზადება დაიწყო

გუშინ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზამ 7-ქალა რაგბის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ოთხი ქართული და ერთი ბერძნული გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს 7-ქალა ნაკრებს, ივნისში რაგბი ევროპის „ალაფა“ უწევს, რომელიც ორ ეტაპად ტარდება და მისთვის მზადების კუთხით, ეს ტურნირი პირველი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ტურნირში თბილისის ‘ლოკომოტივმა’, ზუგდიდისა და ქუთაისის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე საქართველოს ნაკრების საბაზისო გუნდმა, რომელიც უკლუბოდ მყოფი გოგონებით დაკომპლექტდა. 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ჩამოვიდა და ითამაშა საბერძნეთის 7-ქალას საბაზო გუნდმა, სალონიკის ‘ირაკლის’-მა.

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი ქალთა ტურნირი, რომელიც საქართველოში გაიმართა.

ია ხურცილავა (საქართველოს 7-ქალას მენეჯერი): „პანდემიიდან გამომდინარე ორი წელი პრაქტიკულად უმოქმედოდ ვიყავით და ძალიან კარგია საერთაშორისო ტურნირს რომ ვმასპინძლობთ. ეს არის სპორტული ტურიზმის ერთგვარი მაგალითი. ბერძნები საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდნენ და ამავდროულად, რაგბის თამაშითაც იხალისეს. ვგეგმავთ, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩავატაროთ, მაისიდან კი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მზადებას. გვექნება საერთაშორისო ტურნირებიც, რათა ოფიციალური თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ“.

გიორგი მაისურაძე (საქართველოს 7-ქალას მწვრთნელი): „წელს პირველი ტურნირია და საინტერესოა ვნახოთ, როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები. სტუმრები გვყავს საბერძნეთიდან და ერთმანეთთან ძალებს მოვსინჯვათ. ივნისში ევროპის ჩემპიონატი გველის და მისთვის მზადება ამ ტურნირით იწყება“.

სალომე მაკასარაშვილი (საქართველოს 7-ქალას მოთამაშე): „სასიამოვნოა, რომ ეს ტურნირი საქართველოში ტარდება. საკუთარი მეგობრების და გულშემატკივრების წინაშე თამაშით განებივრებულები არ ვართ. სტუმრად ჩვენი მეგობრები, ბერძნები ჩამოვიდნენ, ასევე ვეთამაშეთ თბილისის ‘ლოკომოტივს’, ქუთაისისა და ზუგდიდის გუნდებს. საქართველოში ქალთა რაგბის და ჩვენი განვითარებისთვის, მსგავსი აქტივობები ძალიან კარგია“.

თამარ მანაგაძე (საქართველოს 7-ქალას მოთამაშე): „ეს თამაშები სასარგებლოა როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული კლუბებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოვაჩინოთ და ამისათვის თითოეული გოგონა სრულად იხარჯება. იმედია მსგავსი ტურნირები კიდევ ჩატარდება“.

გიორგი ადეიშვილი (საბერძნეთის ‘ირაკლის’ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენთვის საკმაოდ კარგი დონის ტურნირი გამოვიდა და კმაყოფილები ვართ. პანდემიის გამო ორი წელია არ გვითამაშია და გაგვიჭირდა, თუმცა გოგონებმა თამაშით ისიამოვნეს. საქართველოსთან ურთიერთობა 2017 წელს დავიწყეთ, როდესაც საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში ჩატარდა. კმაყოფილები ვართ ორგანიზებით და მასპინძლობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს 7-ქალა ნაკრები, ან რომელიმე კლუბი, საბერძნეთში საპასუხო ვიზიტით გვეწვევა“.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 7-ქალა რაგბში

საქართველო – ზუგდიდი 22:10

ლოკომოტივი – საბერძნეთი 25:15

საქართველო – ქუთაისი 31:7

ზუგდიდი – საბერძნეთი 25:10

ქუთაისი – ლოკომოტივი 35:0

საქართველო – საბერძნეთი 36:0

საქართველო – ლოკომოტივი 20:0

ქუთაისი – საბერძნეთი 5:17

 

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე