7-ქალა ნაკრები „ალაფის“ პირველ ეტაპზე მიემგზავრება

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ გამთენიისას ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც 11-12 ივნისს, ზაგრებში, რაგბი ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ითამაშებს.

ერთი კვირის თავზე გოგონები უნგრეთში გადაინაცვლებენ, სადაც 17-18 ივნისს ბუდაპეშტში, „ალაფის“ მეორე ეტაპია ჩანიშნული. საგულისხმოა, რომ „ალაფის“ ორი საუკეთესო გუნდი (ინგლისისა და იტალიის გამოკლებით), ივლისში ბუქარესტში (რუმინეთი) გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებს, რაც გუნდების მოტივაციას ზრდის.

7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გუნდის მომზადებით კმაყოფილია. მან უკვე დაასახელა ის 13 მორაგბე (წესებში შეტანილი ცვლილების თანახმად, სატურნირო განაცხადს ერთი მოთამაშე დაემატა), რომლებიც პირველ ეტაპზე ითამაშებენ:

„შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი მომზადება გავიარეთ. მოგვეცა შესაძლებლობა მოსამზადებელი ტურნირები გვეთამაშა. ვფიქრობ, სათამაშო ელემენტები პირველ ეტაპზე კიდევ უფრო დაიხვეწება. ჩვენი მიზანია, რომ დამატებით, სატურნირო ემოციებს თავი დავაღწიოთ და ამ შემთხვევაში თამაშის ხარისხი კარგი იქნება, რაც შედეგსაც აუცილებლად მოიტანს“.

ზაგრებში საქართველოს 7-ქალა „ა“ ჯგუფში ინგლისის, უნგრეთისა და მოლდოვას ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ინგლისმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამო, შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა და „ალაფაზე“ ამის გამო დაქვეითდა.

„ინგლისის ნაკრები დამატებით კომენტარს არ საჭიროებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, შარშან ოლიმპიადა ითამაშა და სასიამოვნოა მათთან შეხვედრა რომ მოგვიწევს. დუბაიში გვქონდა შესაძლებლობა საფრანგეთის ნაკრებთან გვეთამაშა და გოგონებმა თავის თვალით ნახეს სადამდე შეუძლიათ განვითარება. ამის პოტენციალი მათ ნამდვილად აქვთ. უნგრეთი დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია. მათ შარშან ჩვენზე უკეთესი ადგილი (უნგრეთი მე-6 იყო, საქართველო მე-7) დაიკავეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მომზადებით მათი დამარცხება შეგვიძლია. მოლდოვა შარშანდელიდან გამომდინარე ჩვენზე სუსტი გუნდია და მათთან გამარჯვება ვალდებულებად მიგვაჩნია“ – განაცხადა მალაღურაძემ.

გოგონები ზაგრებში ჯგუფურ ეტაპზე პირველ თამაშს უნგრეთთან გამართავენ, მერე ინგლისს ეთამაშებიან, ბოლოს კი მოლდოვას. 12 ივნისი ფლეი ოფების დღეა,

ზაგრებში „ბ“ ჯგუფში იტალია, ფინეთი, თურქეთი და დანია მოხვდნენ, ხოლო „გ“ ჯგუფში პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და ისრაელი ითამაშებენ.

7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის პირველ, ზაგრების ეტაპზე

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), სალომე საღარაძე (ხობი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი), ლიკა ხუფენია (ზუგიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე