7-კაცა | შემადგენლობა მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპისთვის

საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.

მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

საქართველო ა ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა ახალი გვინეას ნაკრებებთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე მოხვდნენ; გ ჯგუფში ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.

ჩვენი 7-კაცა სამხრეთ ამერიკაში 7 აგვისტოს მიემგზავრება. სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასხელა ის 13 მორაგბე, რომლებიც ჩილეში ითამაშებენ. წინა ტურნირებისგან განსხვავებით გუნდში ორი ახალი სახეა, ორივე ‘შავი ლომიდან’ – მირიან მოდებაძე და ლაშა ლომიძე.

„ჩილეში გამგზავრებამდე შეკრება ქუთაისში გავიარეთ. 5 სრულყოფილი სავარჯიშო დღე გვქონდა და ყველამ ძალიან დიდი მონდომებით ივარჯიშა. იყო ინტენსიური ვარჯიშები ბურთით, რაც ფიზიკურთან ერთად, ტექნიკური არსენალის დახვეწაშიც დაგვეხმარა. ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ ბიჭების დამატებით, ვარჯიშების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბევრი დეტალი გამოვასწორეთ, რაც ჩილეში წარმატების იმედს გვაძლევს. მსოფლიო სერიაზე მოხვედრა ჩვენი ოცნებაა და თუ ეს მოვახერხეთ, ფაქტობრივად ყოველ თვე მსოფლიოს ჩემპიონატს ვითამაშებთ, რაც ქართულ რაგბს და 7-კაცას მნიშვნელოვნად წაწევს წინ. თავდაჯერებულები ვართ. ერთადერთ პრობლემას გვიქმნის აღდგენა. გზაში 2 დღის გატარება გვიწევს და აღსადგენად 2 დღე გვრჩება. იმედია ადაპტაციას კარგად გავივლით“ – განაცხადა 7-კაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.

ჩილეში მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე მიემგზავრებიან

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე