7-კაცა ლისაბონში მეხუთეა

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ლისაბონის (პორტუგალია) ეტაპზე, ექვსიდან სამი თამაში მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა.

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, რის გამოც დიდი 10-ის ნახევარფინალისტი გუნდებიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა მალაღურაძემ მოთამაშეები ვერ გამოიძახა, ხოლო არსებული რესურსიდან კიდევ რამდენიმე მოთამაშე სწორედ ვირუსის გამო დაკარგა, მან უმოკლეს დროში შეძლო გუნდის შეკვრა და პორტუგალიაში დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ჩვენმა 7-კაცამ მასპინძელ პორტუგალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორი ლელოც გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 10:19. მეორე მატჩში გერმანიამ მეორე ტაიმში გაგვტეხა – 0:29, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ჯახში კი, ლიეტუვას ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 17:14 ვძლიეთ და მესამე ადგილზე გავედით.

მეოთხედფინალში მეტოქედ რუსეთი გვერგო და დასკვნით წუთზე ორჯერ რომ არ დაგვეკარგა ბურთი, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა – 5:12. მეხუთე ადგილის ნახევარფინალში მალაღურაძემ შეძლო შეგირდების მომართვა და პოლონეთს 12:0 ვძლიეთ, ხოლო მე-5 ადგილისთვის იტალიას დაძაბულ ბრძოლაში 10:5 მოვუგეთ.

ტურნირის უხუცესი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო 38 წლის ვეტერენი გიორგი შკინინი, რომელიც ნაკრებს 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ახალგაზრდებს თავისი გამოცდილებით ფასდაუდებელი ცოდნა გაუზიარა.

მიღწეული შედეგით კმაყოფილია რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე:

„ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიწია 7-კაცა ნაკრების შეკრება, რასაც შეკრებაზე მოთამაშეებისთვის კოვიდის აღმოჩენაც დაემატა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, დამსახურებული მოთამაშის – გიორგი შკინინის თაოსნობით, რომლის გამოცდილებაც ფასდაუდებელია, მეხუთე ადგილი დაიკავეს, რაც ამ პირობებში ძალიან კარგი შედეგია. გარდა ამისა, ისინი ბრძოლისუნარიანები იყვნენ ისეთ გამოცდილ მოშვიდკაცე გუნდებთან, როგორებიც პორტუგალია და რუსეთი არიან“.

„განსაკუთრებული მადლობა ჯაბა მალაღურაძეს, რომელმაც ქალთა გუნდის წვრთნის პარალელურად, თავის თავზე აიღო ეს ტვირთი და ძალიან კარგი სამსახური გაუწია ქართულ რაგბს. მან უმოკლეს დროში შეკრა ბრძოლისუნარიანი გუნდი. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა პოტენციალი გვაქვს 7-კაცაში და დარწმუნებული ვარ, მომავალში ის ისევე გვასახელებს, როგორც 15-კაცა რაგბი“.

„ვფიქრობ, რომ მეორე ეტაპისთვის გუნდი კიდევ უფრო დაიხვეწება და ყველა მეტოქესთან ექნება მოგების შანსი“.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, მოსკოვის (რუსეთი) ეტაპზე 26-27 ივნისს ითამაშებს.

 

ფოტო: Martin Seras Lima/ TrySportimages