7-ქალა | ტრადიციულად პარიზისა და ტურის ტურნირზე

7-ქალა | ტრადიციულად პარიზისა და ტურის ტურნირზე

საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ ოფიციალურ თამაშებამდე, ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

პარიზის „ცენტრალ 7“ 17-18 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გოგონები საფრანგეთში დარჩებიან და 26-28 მაისს ტურის 7-ქალას ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ წელს ამ ორივე ტურნირში 7-ქალას გარდა ჩვენი 7-კაცაც ითამაშებს.

„ტრადიციულად, პარიზის „ცენტრალ 7“-ზე ძლიერი გუნდები იყრიან თავს. აქ გვეძლევა შესაძლებლობა ვეთამაშოთ ზედა ეშელონის გუნდებს. წელს პარიზში გერმანიის ნაკრები და სამხრეთ აფრიკული გუნდი ითამაშებს. პარიზის ტურნირის შემდეგ საფრანგეთში 1-კვირიან შეკრებას გავივლით და ტურის ტურნირს ვითამაშებთ, რომელშიც გუნდების ნაწილი პარიზის ტურნირიდან მოდის და აქაც ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე და განაგრძობს:

„ფრაგული შეკრება ძალიან წაგვადგება, რადგან ტურნირიდან ტურნირამდე, შეცდომების გამოსასწორებლად და ჩვენი თამაშის დასახვეწად 1 კვირა გვექნება, რომლის დროსაც გოგონები მხოლოდ რაგბზე იქნებიან კონცენტრირებული, რის შემდეგაც კვლავ თამაშები გველის. ეს მოსამზადებელი ტურნირებია, რომლის დროსაც მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც შეცდომების დაშვების უფლება გვექნება და შესაბამისად, უფრო გახსნილ რაგბს ვითამაშებთ“.

7-ქალა საფრანგეთში 14 მოთამაშით გაემგზავრა, საიდანაც ორი ახალი სახეა. სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც:

„იმ ბირთვმა, რომელიც წლებია ერთად თამაშობს, საკმაო გამოცდილება დააგროვა. მართალია პანდემიამ უკან დაგვხია, თუმცა შარშან ტურნირები დაბრუნდა და მჯერა წელს უკეთესები ვიქნებით. გვყავს ახალი მოთამაშეებიც – დებიუტანტი ლიკა ბჯალავა და სალომე ოთარაშვილი, რომელიც ადრე იყო ჩვენთან, თუმცა მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა და ახალი ძალითა და შემართებით დაგვიბრუნდა“.

„ასევე სამწვრთნელო შტაბში დაგვემატა რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი გიორგი შკინინი, რომელიც გამოცდილი მორაგბე, მოშვიდკაცე, მწვრთნელი და ძალიან კარგი ადამიანია. ამ ფაქტს ყველანი სიხარულით შევხვდით. გვაქვს მოლოდინი, რომ ის ჩვენს თამაშს სხვა კუთხით დაინახავს, შევჯერდებით და ერთად გადავწყვეტთ რა ინფორმაცია მივაწოდოთ გოგონებს. ჩვენთან კონსულტანტად და მეგობრად რჩება გიორგი მაისურაძე“.

საქართველოს 7-ქალას წელს რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპი ელის – 16-18 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) და 7-8 ივლისს ბუდაპეშტში (უნგრეთი).

პარიზისა და ტურის ტურნირზე ითამაშებენ:

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), სალომე ოთარაშვილი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე